ფესტივალ „ევროპალიას“ ფარგლებში ქალაქ ბრიუგეში ანსამბლ „ბასიანის“, გორის ქალთა კამერული გუნდისა და სახელმწიფო კამერული გუნდის ერთობლივი კონცერტი გაიმართა
ფესტივალ „ევროპალიას“ ფარგლებში ქალაქ ბრიუგეში ანსამბლ „ბასიანის“, გორის ქალთა კამერული გუნდისა და სახელმწიფო კამერული გუნდის ერთობლივი კონცერტი გაიმართა

ფესტივალ „ევროპალიას“ ფარგლებში ბელგიის ქალაქ ბრიუგეში ანსამბლ „ბასიანის“, გორის ქალთა კამერული გუნდისა და სახელმწიფო კამერული გუნდის ერთობლივი კონცერტი გაიმართა.

კონცერტი ბრიუგეს პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში შედგა და მას პირდაპირ ეთერში გადასცემდა ბელგიური რადიომაუწყებლობა.

სპეციალურად კონცერტის პირდაპირი ეთერისთვის ქართული ფოლკლორის შესახებ ვრცელი ინტერვიუ ჩაიწერა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელთან, ნანა მჟავანაძესთან. ინტერვიუ ანტრაქტის დროს საკონცერტო დარბაზშიც გადაიცა.

საღამო გორის ქალთა გუნდმა გახსნა, შემდეგ სცენა კამერულმა გუნდმა დაიკავა და ის მუსიკალური ნომრები შეასრულა, რომლებიც სიქსტეს კაპელაში ისტორიულ კონცერტზე იყო წარმოდგენილი, მათ შორის ზვიად ბოლქვაძის მონაწილეობით.

კონცერტი სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ რეპერტუარით დასრულდა. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრეტიჟული ფესტივალი „ევროპალია“ 4 ოქტომბერს გაიხსნა და იანვრამდე გაგრძელდება.

ფესტივალი საქართველოს მთავრობის, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.