პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში - საქართველოს თასისთვის მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი იბრძოლებს #1TVSPORT
პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში - საქართველოს თასისთვის მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი იბრძოლებს #1TVSPORT

ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასისთვის მოყვარულთა ლიგის გამარჯვებულიც ითამაშებს – გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

აღმასკომის წევრებმა დაამტკიცეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულება. გათამაშება აპრილში დაიწყება. საწყის ეტაპებზე ლიგა 3-ის, ლიგა 4-ის, რეგიონული ლიგის გუნდებთან ერთად, ისტორიაში პირველად, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი – „ბასიანი“ მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება 1990 წლიდან ტარდება და ეროვნული ჩემპიონატის დაარსების დღიდან ჩემპიონატის პარალელურად იმართება. მისი ფორმატი ბევრჯერ შეიცვალა − ასპარეზობა ხან საკვალიფიკაციო ეტაპით იწყებოდა, ხან პირდაპირ პლეი ოფიდან. 2001 წლიდან გათამაშება დაიწყო შესარჩევი ეტაპიდან, სადაც გუნდები დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებში იყვნენ განაწილებულნი, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ პლეი ოფი მეთექვსმეტედფინალით იწყებოდა.

2004-2006 წლებში საკვალიფიკაციო ეტაპები გაუქმდა და პირდაპირ პლეი ოფიდან დაიწყო ტურნირი. 2006 წელს საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ინიციატივით გათამაშება ჯგუფურ ეტაპად ჩატარდა. ასეთმა ფორმატმა ორი სეზონი იარსება. 2008 წლიდან საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი კვლავ ოლიმპიური სისტემით გათამაშდა.

თუმცა პრინციპულად განსხვავებული ფორმატით 2016 წლიდან ტარდება. მანამდე ჯილდოსთვის მხოლოდ ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები იბრძოდნენ. 2016 წლიდან კი ყველა დაბალი ლიგის წარმომადგენელი ჩართეს, ხოლო მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული პირველად ითამაშებს. ასევე, 2016 წლიდან წყვილებში გამარჯვებულს ორის ნაცვლად ერთმატჩიანი დაპირისპირება ავლენს.

ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები თასის გათამაშებაში მეთექვსმეტედფინალური ეტაპიდან ჩაერთვებიან, რომელიც 6 და 7 აგვისტოს გაიმართება. მერვედფინალური მატჩები 20 და 21 აგვისტოს შედგება.

კალენდარში გათვალისწინებულია ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდების ინტერესები. 2 ივლისს ეროვნულ ლიგაში საზაფხულო შესვენება გამოცხადდება. ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდები ბოლო შეხვედრას 29 ივნისს გამართავენ. ეროვნული ლიგა 13 აგვისტოს განახლდება.