მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული „ბასიანი“ სათასო დებიუტისთვის ემზადება #1TVSPORT
მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული „ბასიანი“ სათასო დებიუტისთვის ემზადება #1TVSPORT

„ბასიანი“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მატჩისთვის ემზადება. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს უნიკალური მოვლენაა, რადგან მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული „ბასიანი“ პირველი სამოყვარულო საფეხბურთო კლუბია, რომელიც დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე ითამაშებს.

მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული „ბასიანი“ საქართველოს თასის პირველ ეტაპზე „ვარკეთილი 2-ს დაუპირისპირდება. შეხვედრა 9 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გლდანის საფეხბურთო ცენტრში გაიმართება.

– პირველი ეტაპის 13 გამარჯვებული მეორე ეტაპზე 34 გუნდს შეუერთდება. მეორე ეტაპიდან გათამაშებაში ლიგა 3-ისა და ლიგა 4-ის გუნდებთან ერთად, რეგიონული ლიგის გასული სეზონის ორი საუკეთესო გუნდი ჩაერთვება. მეორე ეტაპზე გასული 47 გუნდიდან, ერთი პირდაპირ მიიღებს მესამე ეტაპის საგზურს, ხოლო დანარჩენი 46 გუნდი დაწყვილდება და 23 გამარჯვებულს გამოავლენს. მეორე ეტაპის მატჩები 26 მაისს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მოყვარულთა ლიგა 2021-ის ჩემპიონი თბილისის „ბასიანი“ 2022 წელს აზერბაიჯანშიც გაემგზავრება, სადაც უეფა-ს რეგიონების ახალი თასის გათამაშების წინასწარი ტურის მატჩებს ითამაშებს.

მატჩები ბელარუსში უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდაჭერის გამო, უეფა-მ ამ ქვეყნის გუნდებს საშინაო მატჩების საკუთარ მოედანზე თამაში აუკრძალა, ხოლო მასპინძლობის უფლება აზერბაიჯანმა მიიღო, სადაც მატჩები კი 23-29 ივნისს გაიმართება.

ჯგუფის გამარჯვებული გუნდი მოხვდება შუალედური რაუნდის მესამე ჯგუფში, სადაც ასევე მოხვდნენ თურქეთი (მასპინძელი), პორტუგალია და ფინეთი. შუალედური ტურის რვა ჯგუფის გამარჯვებული ფინალური ტურნირის საგზურს მიიღებს. მასპინძელი კვალიფიკაციის დასრულების შემდეგ გამოვლინდება. ტურნირი 2023 წლის ივნისის ბოლო ორ კვირაშია დაგეგმილი.