სერგი გვარჯალაძე - ერთადერთი მიზანი ახლა არის, რომ არ მოხდეს დაპირისპირება
დედაქალაქის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე, რომელიც პარლამენტთან აქციაზე მივიდა, აცხადებს, რომ ერთადერთი მიზანი ახლა არის, რომ არ მოხდეს დაპირისპირება.
„მე მაქვს წაკითხული შსს-ს განცხადება, ბოლო 3 საათის განმვალობაში ხან ვარ „გალერისთან“ და ხან „ბასიანთან“. დაპირისპირება სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. ახალგაზრდა ადამიანებთან გვაქვს საქმე, ყველაფერი შესაძლებელია. ყველანაირი პროვოკაცია შესაძლებელი მოაწყოს ვიღაცამ. ერთადერთი მიზანი ახლა არის, რომ დაპირისპირება არ მოხდეს, სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, მაგრამ ერთიც და მეორე მხარეც ყველანაირ ძალადობას უნდა გაემიჯნოს – ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია.
ფაქტია, რომ ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. ეს ძალიან წამგებიანია, რა პოზიციაშიც ვიმყოფებით. მე ვაპირებ, რომ ვიყო აქ და ვაპირებ, არავინ დაზიანდეს აქ – ასეთი სახით ღამის ცხოვრება ვერ განვითარდება. დაინტერესებული მხარეები უნდა დავსხდეთ და დაველაპარაკოთ ერთმანეთს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, გაიგივება ამდენი ადამიანის რაღაცასთან და ნეგატივთან არის შეუძლებელი, უმეტესობა იყო საცეკვაოდ მისული კლუბში“, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.
პარლამენტთან აქციაზე, სადაც „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ, დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებს პოლიციელები გზის გადაკეტვას უკრძალავდნენ, რა დროსაც შეხლა-შემოხლა მოხდა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.