სერგი გვარჯალაძე - დავალება მაქვს, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტზე მინიმალურად დაიხარჯოს საბიუჯეტო თანხები
რა ფინანსური რესურსი იქნება საჭირო „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის განხორციელებისთვის, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოსთვის დაზუსტდება, – ამის შესახებ „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულზე საბიუჯეტო თანხები მინიმალურად უნდა დაიხარჯოს. შესაბამისად, აქტიური მუშაობა დაიწყება დონორებთან ფინანსური რესურსის მოსაძლიებლად.
„დავალება მაქვს მოცემული, რომ მინიმალურად დაიხარჯოს საბიუჯეტო თანხები და ჩვენ ამისთვის ძალიან ინტენსიურად ვიმუშავებთ დონორებთან, მოვიძიებთ ამ თანხებს“, – განაცხადა გვარჯალაძემ.
მისი თქმით, ყველა ღონისძიება კვლევის შედეგად დაიგეგმება. დეტალურად იქნება შესწავლილი თბილისის ყველა რაიონი.
„ამის შემდეგ ჩვენ დავაკონკრეტებთ, როგორი პროექტებია შესაძლებელი, რა ინტერესებია კონკრეტულ უბნებში, როგორი და რა ტიპის კულტურული ღონისძიებების ჩატარებაა საჭირო“, – განაცხადა გვარჯალაძემ.
მისი თქმით, გარკვეული თანხები კვლევისთვისაც იქნება საჭირო.
სერგი გვარჯალაძემ იმედი გამოთქვა, რომ პროექტის განხორცილებაში ბიზნეს სექტორიც ჩაერთვება.
„ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის კონცეფციის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა.