სერგეი ლავროვი - რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, მოსკოვი ამზადებს საკუთარ რეაქციას კიევის წინადადებებზე და გარკვეულ წინსვლას აფიქსირებს
სერგეი ლავროვი - რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, მოსკოვი ამზადებს საკუთარ რეაქციას კიევის წინადადებებზე და გარკვეულ წინსვლას აფიქსირებს

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. მოსკოვი ამზადებს საკუთარ რეაქციას კიევის წინადადებებზე და გარკვეულ წინსვლას აფიქსირებს, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინდოელ კოლეგა სუბრაჰმანიამ ჯაშინკართან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში წინსვლა, უპირველეს ყოვლისა, ეხება უკრაინის, როგორც ბლოკის წევრი ქვეყნის აღიარების შეუძლებლობას.

„მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. თქვენ მოისმინეთ, როგორ კომენტარს აკეთებდნენ ჩვენი მომლაპარაკებლები სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე, სადაც უკრაინულმა მხარემ ქაღალდზე პირველად წარადგინა საკუთარი ხედვა შეთანხმებებზე, რომელთა მიღწევაც აუცილებელია. ეს შეთანხმებები, ზოგადად, ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს. ჩვენ ვამზადებთ რეაქციას, არის წინსვლა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ეხება უკრაინის, როგორც ბლოკის წევრი ქვეყნის აღიარების შეუძლებლობას“, – განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი უკრაინულ მხარესთან შემდგომ კონტაქტებზე მუშაობს. „რაც შეეხება შემდგომ პოტენციურ კონტაქტებს, ისინი ამჟამად მუშავდება და გამოცხადდება“, – დაამატა რუსმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, მოსკოვი ემხრობა უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ უკრაინისთვის და ევროპის ყველა ქვეყნისთვის.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის, ყველა ევროპული ქვეყნისთვის, რუსეთისთვის იმ დოკუმენტების შესაბამისად, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ეუთო-ს ფარგლებში იყო მიღებული და რომელიც აცხადებდა პრინციპს, რომ არც ერთი ქვეყანა არ გააძლიერებს თავის უსაფრთხოებას სხვების უსაფრთხოების ხარჯზე“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, არავინ იქნება წინააღმდეგი, თუ ინდოეთს შეეძლება, მხარი დაუჭიროს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის პროცესებს თავისი სამართლიანი პოზიციებითა და საერთაშორისო პრობლემების გადაჭრის რაციონალური მიდგომებით.