სერგეი ლავროვი - დნესტრისპირეთის მიერ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის მიზეზებზე შეკითხვა უნდა დაუსვან მოლდოვის ხელისუფლებას, რომელიც უკრაინის კვალდაკვალ მიდის
სერგეი ლავროვი - დნესტრისპირეთის მიერ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის მიზეზებზე შეკითხვა უნდა დაუსვან მოლდოვის ხელისუფლებას, რომელიც უკრაინის კვალდაკვალ მიდის

დნესტრისპირეთის მიერ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის მიზეზებზე შეკითხვა უნდა დაუსვან მოლდოვის ხელისუფლებას, რომელიც უკრაინის კვალდაკვალ მიდის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „რუმინულმა ხელმძღვანელობამ კიშინეუში“ უნდა შეწყვიტოს დნესტრისპირეთის საკითხის მოგვარების შესახებ „5+2“ ფორმატში მოლაპარაკების პროცესის ბლოკირება.

ლავროვის განცხადებით, კიშინეუ ცდილობს, ერთხელ და სამუდამოდ გაანადგუროს ეს ფორმატი.

„კიშინეუს რეჟიმი, რომელიც უბრალოდ კვალდაკვალ მიჰყვება კიევის რეჟიმს, აუქმებს ყველაფერს რუსულს, ახორციელებს რუსული ენის დისკრიმინაციას ყველა სფეროში და უკრაინელებთან ერთად ასევე ახორციელებს სერიოზულ ეკონომიკურ ზეწოლას დნესტრისპირეთზე“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

28 თებერვალს დნესტრისპირეთის სეპარატისტული ე.წ. ხელისუფლების ორგანიზებით, დეპუტატთა ე.წ. ყრილობამ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის თანახმად, დნესტრისპირეთის ხელისუფლებამ რუსეთს მიმართა დახმარებისთვის მოლდოვის ხელისუფლების მიერ დნესტრისპირეთის ეკონომიკურ ბლოკადასთან დაკავშირებით.