სერგეი ლავროვი - დასავლეთის ქვეყნების ნაწილმა დიპლომატიური კულტურა დაკარგა
მოსკოვი მაღალ შეფასებას აძლევს პარტნიორების ქმედებას, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდნენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში, თურქ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სერგეი ლავროვის თქმით, აშშ-ის არალეგიტიმური და უკანონო სანქციების დიდხანს გაგრძელება შეუძლებელია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ გამორიცხა, რომ აშშ-ის მიერ რუსეთზე, თურქეთსა და ირანზე დაწესებული სანქციები ასტანის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უკავშირდება, სადაც სირიის კრიზისის დარეგულირების საკითხები განიხილება.
ლავროვის განცხადებით, რუსეთი და თურქეთი საგარეო პოლიტიკის სფეროში დამოუკიდებელ კურსს ატარებენ.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნების ნაწილმა დიპლომატიური კულტურა დაკარგა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ისინი პრობლემებს სუვერენული თანასწორობის პატივისცემისა და ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობის პრინციპით მოაგვარებენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხო სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შემცირების საკითხს და თქვა, რომ აშშ-ის მოქმედების პროგნოზირება უახლოეს საათებშიც კი რთული და უპერსპექტივოა.