რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დასავლეთის ქვეყნების განზრახვა, გადასცენ კიევს F-16-ის ტიპის გამანადგურებლები, ესკალაციის გზის გაგრძელებაა
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დასავლეთის ქვეყნების განზრახვა, გადასცენ კიევს F-16-ის ტიპის გამანადგურებლები, ესკალაციის გზის გაგრძელებაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ეხმაურებიან დასავლეთის ქვეყნების განზრახვას, გადასცენ კიევს F-16-ის ტიპის გამანადგურებლები და აცხადებენ, რომ დასავლეთი განაგრძობს ესკალაციის გზაზე სვლას. ამის შესახებ რუსულ სააგენტო „ტასს“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განუცხადა.

„მიდის მსვლელობა ესკალაციის კიბეზე. ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთიs ქვეყნები ჯერჯერობით მიყვებიან ესკალაციის სცენარს. ის უკავშირდება კოლოსალურ რისკებს მათთვისვე. ყოველ შემთხვევაში, ეს გათვალისწინებული იქნება ყველა ჩვენს გეგმაში და ჩვენ გვაქვს ყველა აუცილებელი საშუალება, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მანამდე თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი „საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციას“ შეუერთდება, რომელიც უკრაინელ მფრინავებს მეოთხე თაობის გამანადგურებლების, მათ შორის, F-16-ების გამოყენებაში მოამზადებს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პარტნიორებს მიანიშნა, რომ ის არ იქნებოდა წინააღმდეგი, თუ რომელიმე ქვეყანა უკრაინას ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის გამანადგურებლებს გადასცემდა.