არჩილ თალაკვაძე - ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარი დათმობა არ მოხდება, საქართველოს ინტერესები და კანონმდებლობა იქნება დაცული, ასევე შევასრულებთ საერთაშორისო ვალდებულებებს
არჩილ თალაკვაძე - ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარი დათმობა არ მოხდება, საქართველოს ინტერესები და კანონმდებლობა იქნება დაცული, ასევე შევასრულებთ საერთაშორისო ვალდებულებებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარი კომპრომისი და დათმობა არ მოხდება.

ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მაისში, თბილისში ჩატარებასთან დაკავშირებით რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ინტერესები და კანონმდებლობა იქნება დაცული, ასევე, ქართული მხარე შეასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს.

„როგორც იცით, საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა ჩაიბარა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ამის ფარგლებში საერთაშორისო ვალდებულებები გვაქვს, რომ ევროპის საბჭოს სამუშაო პროცესი ვუზრუნველვყოთ ისე, როგორც ეს წინა თავმჯდომარე ქვეყანამ გააკეთა. ეს დადგენილი პრაქტიკაა და ჩვენ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს შევასრულებთ იმ ფარგლებში, რასაც ჩვენი ეროვნული ინტერესები ითვალისწინებს. ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარი კომპრომისი და არავითარი დათმობა არ მოხდება. სერგეი ლავროვთან და რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებით პირველი განცხადებები ჩვენ გავაკეთეთ, ახლა ოპოზიციის უკან მიდევნებული მკაცრი რიტორიკა არაფერს ცვლის. კარგად ვიცით, რუსეთი ახორციელებს უკანონო ოკუპაციას და ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში, სადაც ჩვენ შევხვდებით რუსეთის დელეგაციას, თუ მის წარმომადგენლობას – მინისტრებს, თუ ხელმძღვანელ პირებს, ჩვენი პოზიციები ძალიან პრინციპული და მკაცრი იქნება. რაც შეეხება ამ შეხვედრის ჩატარებას, ევროპის საბჭოსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ და რა ფორმატით ჩატარდება.ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ინტერესები და კანონმდებლობა იქნება დაცული და ჩვენ ასევე შევასრულებთ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მაისში, თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გაემგზავრება თბილისში რუსეთის მხრიდან.