სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ნატო-ს ეყოფა გონიერება, არ დაუშვას მესამე მსოფლიო ომი
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ნატო-ს ეყოფა გონიერება, არ დაუშვას მესამე მსოფლიო ომი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ ნატო-ს ეყოფა გონიერება, რომ არ დაუშვას მესამე მსოფლიო ომი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ნორმალური დიალოგის გარეშე არაგანზრახული ინციდენტების რისკები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს განცხადება სერგეი ლავროვმა ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

„ვფიქრობ, ყველას ეყოფა გონიერება, აქამდე არ მიიყვანონ საქმე, თუმცა, რა თქმა უნდა,  ძალიან გვაშფოთებს რუსეთისა და ნატო-ს სამხედროებს შორის რამე სახის პროფესიონალური დიალოგის არარსებობა“, – განაცხადა ლავროვმა.

მინისტრის თქმით, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა ბოლო ორი წლის განმავლობაში სამჯერ გაიმართა, ამასთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის ყველა სხვა ფორმა პრაქტიკულად გაყინულია, ხოლო რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვსა და ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, კერტის სკაპაროტის შორის პერიოდული სატელეფონო კონტაქტები საკმარისი არ არის.

ამასთან, სერგეი ლავროვმა ღიად პროვოკაციული უწოდა უკრაინაში, საქართველოსა და შავ ზღვაში ნატო-ს წვრთნებს.

სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ნატო-ს უარი რუსეთთან დიალოგზე აშშ-ის გავლენით არის განპირობებული, რომელმაც სანქციების ფარგლებში პენტაგონს რუსეთთან კონტაქტი აუკრძალა.