გიგა ბოკერია - სერგეი ლავროვის შემოშვება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი იქნება, რასაც პროტესტი მოჰყვება
გიგა ბოკერია - სერგეი ლავროვის შემოშვება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი იქნება, რასაც პროტესტი მოჰყვება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოსთვის არ არის ხელსაყრელი მსოფლიოს მიმართ გზავნილი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩვეულებრივად ჩამოდის ქვეყანაში ევროსაბჭოს ღონისძიებაზე და მისი ვიზიტი არ უკავშირდება რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ოკუპაციის პრობლემას.

მისივე თქმით, ამავდროულად მნიშვნელოვანია კანონი ოკუპაციის შესახებ.

„ერთია კანონი ოკუპაციის შესახებ, რუსეთის დელეგაციაში არა მხოლოდ ლავროვი, ყველა პოლიტიკური ფიგურა იქნება ასეთი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის გზავნილი. ოკუპანტი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ჩამოდის ქვეყანაში და ეს ჩამოსვლა არ არის დაკავშირებული ურთიერთობაში რაიმე გარღვევაზე. ეს იქნება გზავნილი ვითომ ნორმალურობის. ეს არის ის, რაც არ გვაწყობს. პრაგმატულად არ გვაწყობს მთელი მსოფლიოსთვის გზავნილი, რომ ლავროვი ჩამოდის ქვეყანაში ჩვეულებრივად ევროსაბჭოს ღონისძიებაზე და ეს არ ყოფილა დაკავშირებული იმ პრობლემებთან, რაც ჩვენ ორ ქვეყანას შორის დგას მათი აგრესიის გამო.

გრძელდება საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, ხალხის მოტაცება. ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კატასტროფის პირას ვართ და ამ ვითარებაში რუსეთის ხელისუფლება არ რეაგირებს არაფერზე. ამ პირობებში რუსეთის მაღალი პოლიტიკური პირის საქართველოში ჩვეულებრივად შემოშვება და მისი მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებაში ჩვეულებრივად, არის საქართველოს ინტერესების პრაგმატულად საწინააღმდეგო ნაბიჯი. ამას მოჰყვება საზოგადოებრივი პროტესტი“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მაისში, თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გაემგზავრება თბილისში რუსეთის მხრიდან.

დატოვე კომენტარი