სერენა უილიამსი ცინცინატის ტურნირში იოლი მოგებით ჩაება
სერენა უილიამსი ცინცინატის ტურნირში იოლი მოგებით ჩაება

მამაკაცების ტურნირის პარალელურად, ცინცინატიში ქალებიც თამაშობდნენ. მონრეალის ტურნირის გამოტოვების შემდეგ, კორტზე გამოჩნდა ამერიკელი სერენა უილიამსი. ეს მისი მეორე მატჩი იყო აგვისტოში. სერენა თვის დასაწყისში სან ხოსეს ტურნირში ჩაება და თავის კარიერაში ყველაზე სამარცხვინოდ წააგო, როცა ბრიტანელ იოჰანა კონტასთან მატჩში ორ სეტში მხოლოდ ერთი გეიმის აღება მოახერხა.

ამის შემდეგ, სერენამ, როგორც ჩანს, მოახერხა ფორმაში შესვლა და ცინცინატის ტურნირი დამაჯერებელი მოგებით დაიწყო. კერძოდ, საათსა და ექვს წუთში 6:1, 6:2 გაანადგურა ავსტრალიელი დარია გავრილოვა.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა შესანიშნავად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე. პირველ ბურთზე ქულების 89 პროცენტი მოიგო, მეორეზე – 67 პროცენტი, ამასთან, რვა ეისი ჩააწოდა. შედეგად, გავრილოვამ მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი მიიღო და ეს შანსი ვერ გამოიყენა.

თავად სერენამ თითო სეტში ორ-ორი ბრეიკი აიღო და მეორე წრეში ჩეხ პეტრა კვიტოვას შეხვდება, რომელიც პირველი წრისგან თავისუფალი იყო. ამ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრაში ამერიკელი წინ არის – 5:1.