სემიონ სემენჩენკო - სპეცოპერაციისას დაკავებულები ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, საქართველოში დასასვენებლად იყვნენ ჩამოსული
მსურს, ქართველები დაფიქრდეთ, როგორ შეიძლება, რევოლუცია დაეგეგმათ იმ ჟანგიანი იარაღით, რომელიც ქართულმა სუს-მა ჩაუგდო, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა სემიონ სემენჩენკომ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, უკრაინის მოქალაქეების დაკავების შემდეგ, ბევრი უკრაინელი დაფიქრდება, ჩამოვიდეს თუ არა საქართველოში დასასვენებლად.
„რუსული პროპაგანდა აქაც რუსულია. მსურს, ქართველები დაფიქრდეთ, როგორ შეიძლება, ამათ იმ ჟანგიანი იარაღით დაეგეგმათ რევოლუცია, რაც ქართულმა სუს-მა ჩაუგდო, ეტყობა, მეტი რესურსი არ ჰქონდათ, მოეწყოთ რევოლუცია. ჩვენ გვინდა, საქართველო და უკრაინა მეგობრობდნენ. არ გვსურს, ბიჭებს ასეთი შთაბეჭდილება დარჩეთ ქვეყანაზე, სადაც სტუმრად ჩამოვიდნენ. 2014-2015 წელს ეს ადამიანები იცავდნენ უკრაინას, ახლა ისინი იქ ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან. ამის შემდეგ, ბევრი უკრაინელი დაფიქრდება, ჩამოვიდეს თუ არა აქ დასასვენებლად. ეს ბიჭები დასასვენებლად იყვნენ ჩამოსული.
ლუკა ჩხეტია მეგობრებთან ერთად ზუგდიდში მიდიოდა, რონალდ მელოა აბაშაში, მამის საფლავზე. მე ჩამოვედი როგორც დამკვირვებელი, ისინი როგორც მოქალაქეები. იარაღის მიგდება და ვითომ რამეს გეგმავდნენ, არასწორია. ქართულ პოლიტიკაში არასდროს ვერეოდი. გამიხარდება, რომ სიმართლე გაირკვეს. არ მინდა, მჯეროდეს, რომ აქაც რუსული პროპაგანდაა. ვინც ამბობს, რომ მეც მიჭერდნენ, საძაგელი ქურდია. ვინმემ მომმართა? მე და ჩემი ცოლი სასტუმროში ვიყავით, ჩემთან არავინ მოვიდა. მე მოვუყვებოდი პოლიციას, სად იყვნენ ეს ბიჭები. მინდა, რომ ეს ბიჭები გაათავისუფლონ. მინდა, რამენაირად მაინც დავეხმარო მათ“, – განაცხადა სემიონ სემენჩენკომ.
თბილისის საქალაქო სასამართლო თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.