სემეკ-ის ანგარიშის თანახმად, თბილი ზამთრის მიზეზით, 2018 წელს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 3.2 პროცენტით შემცირდა
სემეკ-ის ანგარიშის თანახმად, თბილი ზამთრის მიზეზით, 2018 წელს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 3.2 პროცენტით შემცირდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 3.2 პროცენტით შემცირდა. მიზეზად კომისია თბილ ზამთარს ასახელებს.

სემეკ-მა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წარმოდგენილია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების 2018 წლის ძირითადი ტენდენციები; სატარიფო რეგულირება, კომისიის მიერ შემუშავებული და საერთაშორისო პროექტები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ბუნებრივი გაზი ქვეყანაში ოთხმა მიმწოდებელმა შემოიტანა. სულ იმპორტით დაკმაყოფილდა ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.8 პროცენტი.

2018 წელს ბაზარზე გაზის 33 მიმწოდებელი საქმიანობდა, მათგან ორი აქტიური იყო მხოლოდ საბითუმო ბაზარზე, 25 – მხოლოდ საცალო ბაზარზე, ექვსი მიმწოდებელი – ბაზრის ორივე დონეზე. საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი ბუნებრივი გაზით საბითუმო დონეზე ვაჭრობა განახორციელა რვა მიმწოდებელმა, რომელთა შორის სამი უმსხვილესი მიმწოდებლის წილი 92 პროცენტს შეადგენდა. 2018 წელს ე.წ. კომერციული ბუნებრივი გაზის საშუალო ფასმა ვაჭრობის საბითუმო დონეზე 0.53 ლარი/კუბ.მ შეადგინა.

2018 წელს 2017 წელთან შედარებით 16 პროცენტით იყო შემცირებული გათბობის გრადუს დღეების ოდენობა, რაც ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით, 2018 წელს შენობების 16 პროცენტით ნაკლები გრადუსით გათბობა იყო საჭირო.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, 2018 წელს კვლავ გაგრძელდა ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების პროცესი, რის შედეგადაც საცალო მომხმარებელთა რაოდენობამ (საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო) საანგარიშო წლის ბოლოს 1 239 022 შეადგინა. ბუნებრივი გაზის საშუალო ფასი გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული კომერციული მომხმარებლებისთვის შეადგენდა 0.57 ლარი/კუბ.მ-ს, ხოლო ანალოგიური მაჩვენებელი ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებული კომერციული მომხმარებლებისთვის 0.69 ლარი/კუბ.მ-ს აღემატებოდა.

გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ოპერირებდა განაწილების 26 ლიცენზიატი. მათ შორის სამი მსხვილი ლიცენზიატია – შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“. აღნიშნულმა სამმა კომპანიამ გაანაწილა მთლიანი განაწილებული გაზის 90 პროცენტი.