ლევან დავითაშვილი - ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 94 პროცენტისთვის
ლევან დავითაშვილი - ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 94 პროცენტისთვის

ენერგეტიკა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, რომლის შეუფერხებელ მუშაობაზეც დიდწილადაა დამოკიდებული სხვა ეკონომიკური სექტორების გამართული ფუნქციონირება და შემდგომი ზრდა-განვითარება, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოვლისას.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის სწორად და ოპტიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გრძელდება ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა. მისი თქმით, განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში, 2024 წლის თებერვალში გაიმართა 800 მგვტ სიმძლავრისათვის გამოცხადებული სიმძლავრის მეორე აუქციონი, 2024 წელს კი დაგეგმილია 12 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 157 მგვტ იქნება.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და გადამცემი ქსელის გაძლიერების მიზნით მომდევნო წლებში საქართველოში დამატებით 1000 კმ-ზე მეტი ელექტროგადამცემი ხაზი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა აშენდება, მათ შორის, გაძლიერდება მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხაზები. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე მუშაობა მიმდინარე წელს დასრულდება.

მინისტრის განცხადებით, გაზიფიცირების შესახებ მთავრობის განკარგულებაში შესული ცვლილების შედეგად, არსებული გეგმით გათვალისწინებული დასახლებების სიას დაემატა 154 დასახლებული პუნქტი, რის გამოც პროგრამა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება. მისი თქმით, სამუშაოების დასრულების შემდგომ ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 94 პროცენტისთვის.

ლევან დავითაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამინისტროს აქტივობებზე ენერგოეფექტურობისა და მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის განვითარების მიმართულებით.