ანალენა ბერბოკი - საჭიროა, ზამთრის წინ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება დაჩქარდეს
ანალენა ბერბოკი - საჭიროა, ზამთრის წინ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება დაჩქარდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ საჭიროა, ზამთრის წინ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება დაჩქარდეს.

„უკრაინა იცავს თავის ტერიტორიას. საკრუიზო რაკეტების გარდა, ამას ძლიერი საჰაერო თავდაცვა სჭირდება. ჩემმა ვიზიტმა კიევთან ახლოს მდებარე ქვესადგურში კიდევ ერთხელ აჩვენა ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს დაცვის აუცილებლობა ცივი სეზონისგან. მივმართავ პარტნიორებს, უნდა აღვმართოთ ზამთრის დამცავი საჰაერო თავდაცვის ქოლგა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე“, – განაცხადა ბერბოკმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.

ბერბოკის თქმით, უკრაინაში IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა უახლოეს თვეებში უნდა გაძლიერდეს.

„გერმანიას ასევე სურს, წაახალისოს თავისი პარტნიორები, ზამთრის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინას დროებით მიაწოდონ არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემები “, – აღნიშნა ბერბოკმა.

გასულ კვირას გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კიევში იმყოფებოდა. უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრისას საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემაზე ისაუბრეს. უკრაინაში ვიზიტისას ბერბოკმა კიევთან ახლოს ელექტრო ქვესადგურიც მოინახულა.