სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრული პროცესების გააქტიურება სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრული პროცესების გააქტიურება სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრული პროცესების გააქტიურება სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია.

მისი თქმით, აუცილებელია განაშენიანების შეჩერება, რადგან მრავალსართულიანი სახლების დატვირთვას გრუნტი ვერ უძლებს და ინტენსიური წვიმების შემთხვევაში, გრუნტი აუცილებლად დაიძვრება.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გვითხრეს, რომ ვაშლიჯვრის ფერდზე დაბზარვა დაწყებულია და იქნებ ამოხვიდეთო. დილით ავედით და ვნახეთ, რომ იქ დაბზარვა ადრეც იყო, რომელიც დაკავშირებულია კომპლექსურ მოვლენებთან. ეს არ არის მარტო მეწყრული პროცესები, ეს არის გადაადგილება და დეფორმაცია, რაც მიმდინარეობს საერთოდ ამ რეგიონში და განსაკუთრებით ლისის ანტიკლინზე, რადგან ის აქტიური ტექტონიკური სტრუქტურაა. შესაბამისად, იქ უკვე დეფორმირებულია მთელი ფერდი და მისი ასეთი ინტენსიური დეფორმაცია ცალსახად დაკავშირებულია იმ სამშენებლო ვაკქანალიასთან, რაც ვთქვათ, მაჭავარიანის ქუჩასთან და საერთოდ, ამ ტერიტორიასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, წარმოუდგენლად საშიშია, თუ არ გაჩერდა ეს პროცესი. აუცილებელია პროცესის, ანუ განაშენიანების შეჩერება, რადგან ამდენი მრავალსართულიანი სახლები, ასე მიჯრით და სოკოებივით არის ჩალაგებული. ეს არის პრობლემა. ამ დატვირთვას გრუნტი ვერ უძლებს. ანალოგიური პრობლემაა ბაგებშიც, ვაკეშიც არ არის ეს გრუნტი გათვალისწინებული ასეთი დატვირთვისთვის, ვერ იტანს ამ დატვირთვას და ის ბუმერანგივით უტრიალდება ადამიანს. ეს უნდა გავითვალისწინოთ. ის დინამიკაშია მოსული და წვიმების შემთხვევაში გრუნტი აუცილებლად დაიძვრება. თუ არ იქნა მიღებული ზომები, არ ვიცი, ეს რა ზომები შეიძლება, იყოს ამ ეტაპზე, როცა ასეთი დეფორმაციებია სახეზე. როცა სპეციალისტი ხარ, ხვდები, სად რა არის, მარტივია, არაპროფესიონალიც შეამჩნევს ჰორიზონტალურ ჩავარდნებს გრუნტში“, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.