გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი - გეოლოგიური ბიულეტენი ზოგადი შეფასებაა, რთული პროცესია, უზრუნველვყოთ თითოეული მეწყრული უბნის შესწავლა, ამას შეიძლება, წლები დასჭირდეს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი - გეოლოგიური ბიულეტენი ზოგადი შეფასებაა, რთული პროცესია, უზრუნველვყოთ თითოეული მეწყრული უბნის შესწავლა, ამას შეიძლება, წლები დასჭირდეს

უკვე დიდი ხანია, ყოველწლიურად საჯაროდ გამოიცემა გეოლოგიური ბიულეტენი, რომელიც ქვეყანაში ვითარებას ძირითადად ორი მიმართულებით აღწერს. ერთი მიმართულებაა, როდესაც კონკრეტულ ლოკაციებზე მეწყრული, გარკვეულწილად, ეროზიული მდგომარეობაა და ვაკეთებთ შეფასებებს, ხოლო მეორე მიმართულება არის გრძელვადიანი, ფასდება პოტენციური საფრთხეები, თუ სად არის რისკები, მეწყრული პროცესების პოტენციურად გააქტიურების შესაძლებლობა, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვასილ გედევანიშვილმა განაცხადა.

როგორც გედევანიშვილმა აღნიშნა, გეოლოგიური ბიულეტენი არის ტერიტორიების ზოგადი შეფასება. მისივე განცხადებით, შრომატევადი და რთული პროცესია, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს თითოეული მეწყრული უბნის შესწავლა, რასაც შეიძლება, გარკვეული წლები დასჭირდეს.

„ერთი მიმართულება გახლავთ კონკრეტული ლოკაციები, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია, რომ მეწყრული და, გარკვეულწილად, ეროზიული მდგომარეობაა, ამ ლოკაციებს უფრო დეტალურად ვსწავლობთ და ვაკეთებთ გარკვეულ შეფასებებს. იქ არის კონკრეტული სურათებიც მოცემული, აღწერილია ვითარება და ამ რისკების შესაბამისად ეს ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის ორგანოებს.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს არის უფრო გრძელვადიანი, პოტენციური საფრთხეების შეფასება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვაკეთებთ ანალიზს, რომ გრძელვადიან პერიოდში სად არის რისკები, მეწყრული პროცესების პოტენციურად გააქტიურების შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის შესწავლა და ანალიზი არ იძლევა კონკრეტული უბნების, კონკრეტული მეწყრული პროცესების ანალიზის საშუალებას. ეს გახლავთ პროგნოზი, რომელიც შემდგომში არის საყურადღებო. სწორედ ამ მიმართულებით სააგენტო შემდგომ უკვე ამ პროცესების დეტალურ კვლევას და ანალიზს იწყებს, იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ ფართომასშტაბიანია ასეთი ტერიტორიები ჩვენს ქვეყანაში. როგორც მოგეხსენებათ, ამ ბიულეტენში არაერთი სოფელია მითითებული. აქ ზოგადად არის მითითებული ეს სოფლები, ზოგადი შეფასებაა ამ ტერიტორიების. საკმაოდ რთულია ყველა ამ სოფელში, რეგიონში, ტერიტორიაზე უზრუნველვყოთ თითოეული ლოკაციის, მეწყრული უბნის იდენტიფიცირება, ლოკალურად შესწავლა, დამატებითი ანალიზი. ეს შრომატევადი და რთული პროცესია. იმისთვის, რომ ჩვენ თუნდაც ერთი კონკრეტული მეწყრული პროცესი სრულად გავაანალიზოთ, შევაფასოთ რისკები და განვსაზღვროთ პოტენციურად რისკის დონე, შეიძლება, გარკვეული წლები დასჭირდეს თითოეული პროცესის შესწავლას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაიდენტიფიციროთ ასეთი ლოკაციები“, – აღნიშნა გედევანიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დაახლოებით 18 მეწყრულ უბანზეა დამონტაჟებული დაკვირვების სისტემები, მონიტორინგის სისტემა.

„აქვე, მინდა, ვთქვა, რომ ეს არ გახლავთ წინასწარი შეტყობინების სისტემა, ვინაიდან მსგავს მეწყრულ პროცესებზე წინასწარი შეტყობინების სისტემები, სამწუხაროდ, არ მუშაობს. ჩვენ მხოლოდ გვაქვს შესაძლებლობა, მეწყრულად დაძაბულ უბნებზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვნახოთ დინამიკა, რამდენად არის მოძრაობაში მოსული, რამდენად ხდება იქ გარკვეული მექანიკური პროცესები, რამდენად აქტიურია, რომ იმის მიხედვით განვსაზღვროთ პროგნოზი, რამდენად მაღალია რისკი. სწორედ ამის შემდეგ ხდება შეფასება რისკების და გარკვეული რეკომენდაციების გაცემა. წლის განმავლობაში ვგეგმავთ დაკვირვების მოწყობილობების განთავსებას დამატებით 11 უბანზე, სადაც მაღალი რისკი არსებობს მსგავსი ტიპის პროცესების განვითარების“, – განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.