ნინო თანდილაშვილი - მეწყრის მონიტორინგის სადგურები უკვე 18 ლოკაციაზე გვაქვს, წელს კიდევ დამატებით 11 უბანზე ვგეგმავთ მონიტორინგის სისტემების განთავსებას
ნინო თანდილაშვილი - მეწყრის მონიტორინგის სადგურები უკვე 18 ლოკაციაზე გვაქვს, წელს კიდევ დამატებით 11 უბანზე ვგეგმავთ მონიტორინგის სისტემების განთავსებას

ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გავატარეთ, რათა არაერთი დანადგარი და სადგური შეგვესყიდა, მათ შორის არის მეტეოროლოგიური სადგურები, რომლებიც მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ გვაძლევს ინფორმაციას, ასევე თანამედროვე რადარები, რომლებიც სამი საათის წინსწრებით გვაძლევს ინფორმაციას, არის მეწყერზე მონიტორინგის სისტემები, რომლებიც დაყენებულია ქვეყნის მასშტაბით, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.

თანდილაშვილის განცხადებით, წლის ბოლოსთვის, ჯამში, 245 სადგური იქნება ქვეყნის მასშტაბით.

„ჩვენ თუ გვაქვს ისეთი შემთხვევა, რომ სადმე მოსალოდნელი არის ამინდის გაუარესება, ამასთან დაკავშირებითაც გაიცემა შესაბამისი გაფრთხილებები. წელს, წლის ბოლოსთვის, ჯამში, 245 სადგური გვექნება ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც მოგვცემს ინფორმაციას კიდევ უფრო მეტი სიზუსტით. ჯამში, დაახლოებით 159 სადგურამდე იქნა შეძენილი საერთაშორისო დაფინანსების ფარგლებში. კლიმატის ცვალებადობის ფონდის ფარგლებში ორი მილიონი დოლარი გამოიყო, რომლითაც თანამედროვე სადგურების შეძენა განხორციელდა“, – განაცხადა თანდილაშვილმა.

ნინო თანდილაშვილის თქმით, ორი თანამედროვე რადარი განთავსდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, რომლისთვისაც თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.

„წელსაც გვექნება ასეთი შესყიდვა, რომ წლის ბოლომდე სულ 245 სადგური გვქონდეს. ეს სადგურები განთავსდება ყველა იმ ხეობაში, საიდანაც ჩვენ გვჭირდება რეპრეზენტატიული ინფორმაცია იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ამინდის პროგნოზირება. ეს სადგურები მიღებული გვაქვს და მათი განთავსება ხდება ეტაპობრივად, რეგიონების მიხედვით. ყოველწლიურად უნდა გაგრძელდეს ამ სადგურების დაყენების პროცესი. 18 ლოკაციაზე გვაქვს უკვე დანერგილი მეწყრის მონიტორინგის სადგურები. ეს არის მაღალი რისკის ზონები, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ მეწყრულ უბნებად არის მიჩნეული. წელს კიდევ დამატებით 11 ასეთ მაღალი რისკის უბანზე ვგეგმავთ მონიტორინგის სისტემების განთავსებას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ის სტიქია, რომელიც ბაღდათში მოხდა, იყო ძალიან მოკლე დროში განვითარებული პროცესი და მისი პროგნოზირება შეუძლებელი იყო.

„ერთი წუთის განმავლობაში მოხდა ამხელა მიწის ჩამოშლა. ამის პროგნოზირება დროში და სივრცეში შეუძლებელია. ვერცერთი რადარი და სადგური ამის პროგნოზირებას წინსწრებით ვერ მოახდენდა. რადარი არის ხელსაწყო, რომელიც ფარავს დიდ ტერიტორიას და რომელიც გვაძლევს მაქსიმალურად დაზუსტებულ ინფორმაციას მოსალოდნელი ნალექის, ტემპერატურის მატების თუ ხვალ მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ. რადარი ვერ ახერხებს განსაზღვრას, სად რა მეწყრული პროცესი შეიძლება განვითარდეს. მეწყრის მონიტორინგისთვის არსებობს სხვა ტიპის სადგურები, მაგრამ ამ ტერიტორიაზე განთავსებული რომც ყოფილიყო რაიმე ტიპის მონიტორინგის სადგური, დროში იმდენად სწრაფად განვითარებადი სტიქია, რომ ამის წინსწრებით დროში, კონკრეტულ ლოკაციებზე პროგნოზირება და რაიმე ზომის გატარება იქნებოდა შეუძლებელი“, – განაცხადა თანდილაშვილმა.