სურამში მეწყრული პროცესის გამო ექვსი ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს
სურამში მეწყრული პროცესის გამო ექვსი ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს

სურამში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც ექვსი ოჯახის საშიში ზონიდან გაყვანა გახდა საჭირო, – ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ტერიტორიას ხვალ გეოლოგები შეისწავლიან.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაბა სურამში განვითარდა მეწყრული პროცესები. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით საჭირო გახდა ადგილობრივ მცხოვრებელთა შორის ექვსი ოჯახის საშიში ზონიდან გაყვანა. ოჯახები გადაყვანილნი არიან უსაფრთხო ადგილას.

გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შსს-ს შესაბამისი თანამშრომლები.

მოსახლეობას დაბეჯითებით მოვუწოდებთ, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ სათანადო სამსახურების ყველა რეკომენდაცია და არ გაწიონ გაუმართლებელი წინააღმდეგობა, ვინაიდან  ხსენებული რეკომენდაციები მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის.

რაც შეეხება ხსენებულ ფაქტს, რამდენადაც ღამით ადგილზე შეუძლებელი და საფრთხის შემცველია რაიმე საქმიანობის განხორციელება, ხვალ დილიდანვე გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები შეისწავლიან მეწყრულ პროცესებს და კვალიფიციურად შეაფასებენ როგორც მომხდარს, ისე არსებულ რისკებს.

გეოლოგიური სამსახურის შეფასების შემდგომ კი შესაბამისი სახელმწიფო სამსახური მეწყრული პროცესის აღმოსაფხვრელად იმოქმედებს შემჭიდროებულ ვადებში.

მოსახლეობას მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და კიდევ ერთხელ ვურჩევთ, დაემორჩილონ მერიის, საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და შსს-ს წარმომადგენლების რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს“, – აცხადებენ ხაშურის მერიაში.