საზოგადოებრივი მაუწყებლის და ევროპის მაუწყებელთა კავშირის თანამშრომლობით, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებისთვის ტრენინგები ჩატარდება
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოში მოქმედი რეგიონული აკადემია საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებისთვის ტრენინგებს ჩაატარებს. აკადემიაში ტრენინგები ჩაუტარდებათ ჟურნალისტებს როგორც საქართველოს პირველი არხიდან, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან – აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
2020 წლის 18 სექტემბერს ჩატარდება ტრენინგი თემაზე „გადაწყვეტილებებზე ფოკუსირებული ახალი ამბები ტელე და რადიოგადაცემებისთვის“. ხოლო 25 სექტემბერს – „ხუთი ნაბიჯი კონსტრუქციული, გადაწყვეტილებაზე ფოკუსირებული სიუჟეტის შესაქმნელად“. ტრენინგები ჩატარდება დისტანციურად – ზუმის საშუალებით.
ტრენინგზე ისაუბრებენ, თუ როგორ არის შესაძლებელი ამბის ყველაზე სამართლიანად, ყოვლისმომცველად, სიღრმისეულად და ზუსტად გაშუქება და ამავე დროს მნიშვნელოვან საკითხებზე აუდიტორიის ცნობიერების ამაღლება.
წარმატებულ მაგალითად განხილული იქნება დანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს გადაცემა სახელწოდებით Public Service (საზოგადოებრივი სამსახური).
ტრენინგს წარუძღვება ევროპის მაუწყებელთა კავშირის აკადემიის ტრენერი მარკ ეგანი. მასთან ერთად ტრენინგის მონაწილეებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს ორი მოწვეული სტუმარი – დანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო P1-ის გადაცემის Public Service სარედაქციო მენეჯერი მორტენ რონელუნდი და ასევე გადაცემის წამყვანი და შემქმნელი იესპერ ბორაპი.
ტრენინგი განკუთვნილია ახალი ამბების განყოფილების ხელმძღვანელებისთვის, რედაქტორებისთვის, რეპორტიორებისთვის და პროდიუსერებისთვის.
საქართველოს პირველი არხისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) თანამშრომლობითა და დაფინანსებით, საქართველოში მუდმივმოქმედი ჟურნალისტური, რეგიონული აკადემია 2019 წლის დასაწყისში დაარსდა.