ყველაზე მასშტაბური სპორტული სტრიმინგ პლატფორმა Eurovision Sport უკვე 1tvplay.ge-ზე
ყველაზე მასშტაბური სპორტული სტრიმინგ პლატფორმა Eurovision Sport უკვე 1tvplay.ge-ზე

პირველი არხი აუდიტორიას ახალ სტრიმინგ პლატფორმა 1tvplay.ge-ზე Eurovision sport-ის სპორტულ ღონისძიებებს შესთავაზებს.

Eurovision sport ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი და მასშტაბური სპორტული სტრიმინგ პლატფორმაა, რომელზეც ევროპის წამყვანი საზოგადოებრივი მაუწყებლების მიერ ტრანსლირებული და სხვადასხვა საერთაშორისო ფედერაციების სპორტული ღონისძიებები არის ხელმისაწვდომი, როგორც ლაივ რეჟიმში, ასევე ჩანაწერის სახით.

„ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული სტრიმინგ პლატფორმა Eurovision Sport პირველი არხის BVOD პლატფორმაზე 1tvplay.ge ინტეგრირდა. ქართველ მაყურებელს და მსმენელს სპორტი განსაკუთრებით უყვარს, პირველი არხის პლატფორმები კი სწორედ ის ადგილია, სადაც აუდიტორია დიდ სპორტს ელოდება. Eurovision Sport-ი ევროპის მაუწყებელთა კავშირმა, რამდენიმე დღეა, ჩაუშვა, აქტიური თანამშრომლობით და ჩართულობით,  პლატფორმა დღეს უკვე ჩვენი აუდიტორიისთვისაც ხელმისაწვდომია“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

„Eurovision Sport-ი გარდამტეხი მოვლენაა სპორტის მოყვარულთათვის ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვჯერა, რომ სპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. საზოგადოებრივი მაუწყებლები უამრავ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას უფასოდ სთავაზობენ აუდიტორიას, ახალი ციფრული პლატფორმა კი სრულ და მრავალმხრივ გაშუქებას უზრუნველყოფს, ასე რომ, სპორტის მოყვარულები ფავორიტი ღონისძიების არცერთ წუთს არ გამოტოვებენ. ამჟამად სპორტის მოყვარულთა მხოლოდ მესამედს აქვს წვდომა პრემიუმ ხარისხის სპორტულ არხებზე. Eurovision Sport-ის უფასო სტრიმინგი, ვიმედოვნებთ, რომ სპორტულ ტრანსლაციებზე წვდომას უფრო მეტ დემოკრატიულობას შესძენს და ხელს შეუწყობს სხვადასხვა სპორტის სახეობის განვითარებას და ხილვადობის ზრდას, ჩართულობის წახალისებას. ჩვენ, ყველანი, „სპორტით ვართ გაერთიანებული“, – განაცხადა ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა, ნოელ კურანმა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირი ამჟამად 14 სპორტული სახეობის ტრანსლაციის საავტორო უფლებას ფლობს და, 28 სპორტულ ფედერაციასთან თანამშრომლობით, წევრი საზოგადოებრივი მაუწყებლები წელიწადში 43 000 საათს სპორტულ პროდუქტს გადასცემენ.

პირველი არხის მიერ შექმნილი საქართველოში პირველი უფასო სტრიმინგ პლატფორმა 1tvplay.ge, მეორე წელია, მაყურებელს მაღალი ხარისხის, მრავალფეროვან პროექტებს სთავაზობს, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებს, როგორებიცაა 2024 წლის ოლიმპიური თამაშები და ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში.