ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი ნოელ კურანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა
ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი ნოელ კურანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენერალური დირექტორი ნოელ კურანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე.

როგორც შეხვედრის შემდეგ ნოელ კურანმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსტრუქციული შეხვედრა შედგა.

„მადლობელი ვარ შალვა პაპუაშვილის, რომ გამოყო დრო ასეთი კონსტრუქციული დისკუსიისთვის. ვისაუბრეთ თბილისში ჩემი ჩამოსვლის მიზანზე, რაც უკავშირდება იმ ამბიციის ხილვას, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, ასევე იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი დგამს გაციფრულების კუთხით და, ზოგადად, მაუწყებლის წარმატებებზე.

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვი საქართველოში საზოგადოებრივი მედიის დამოუკიდებლობის, სათანადო, სტაბილური, მთავრობისგან დამოუკიდებელი დაფინანსების საჭიროებას, რათა შესრულდეს ყველა ამბიცია, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, მათ შორის არის გაციფრულება, ქართული აუდიტორიის სამსახურში ყოფნა. ვფიქრობ, პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო ეს პრინციპები და ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი, პოზიტიური და კონსტრუქციული დისკუსია ამის გარშემო“, – განაცხადა ნოელ კურანმა.

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან საჭირო შეხვედრა შედგა.

„ვისაუბრეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭიროებაზე. მაუწყებელი არის ნამდვილად ევროპული ინსტიტუცია, რომელიც აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიისა და განვითარებისთვის. ვისაუბრეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, დაფინანსების მოდელზე და იმ შეთანხმებაზე, რომელიც, პრინციპში, უკვე მიღწეულია პარლამენტთან – უნდა ვისაუბროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ცვლადზე. ეს არ შეიძლება, იყოს ფიქსირებული ბიუჯეტი, რომელიც წლიდან წლამდე უნდა შეთანხმდეს. ეს საჭიროა, რათა თავიდან ავიცილოთ სარედაქციო პოლიტიკაში ნებისმიერი ჩარევა, შევინარჩუნოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მხოლოდ განავითარებს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.