ტაიმაუტი | თინათინ ბერძენიშვილი - ჩვენი ნაკრების მატჩს 1,1 მილიონმა ადამიანმა უყურა, საქართველოში არცერთ ტელეპროდუქტს ამდენი მაყურებელი არ ჰყოლია #1TVSPORT
ტაიმაუტი | თინათინ ბერძენიშვილი - ჩვენი ნაკრების მატჩს 1,1 მილიონმა ადამიანმა უყურა, საქართველოში არცერთ ტელეპროდუქტს ამდენი მაყურებელი არ ჰყოლია #1TVSPORT

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა „ტაიმაუტის“ წამყვანს, გია თვალაბეიშვილს დაუდასტურა, რომ ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში ტელეაუდიტორიის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების შეხვედრას მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.

„არ მთავრდება ევროპის ჩემპიონატზე გასვლით გამოწვეული ემოცია და დღის წესრიგი. ამ წარმატებას ყველა ყველას ულოცავს. რაც შეეხება ციფრებს – ეს არის ისტორიული გამარჯვება და მაყურებლების ისტორიული რაოდენობა, რადგან ეს ნამდვილად უპრეცედენტო ამბავია.

ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების შეხვედრას 1,1 მილიონმა ადამიანმა უყურა. ჩვენთან ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე ტელეპროდუქტს ამდენი მაყურებელი ჰყოლოდა.

აქ არ არის ჩათვლილი გუნდური და ჯგუფური მონაცემები. სოციალურ ქსელებში კი ბევრი ვიდეო გავრცელდა, რომ ადამიანები თამაშს ერთად უყურებდნენ. ასევე არ ითვლება რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი უამრავი ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ ამ მატჩს მთელმა საქართველომ უყურა“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.