საზოგადოებრივი მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ შეხვედრას ბათუმში მართავს
საზოგადოებრივი მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მორიგ შეხვედრას ბათუმში, საზაფხულო თეატრში მართავს.
შეხვედრა პოეტმა დათო მაღრაძემ გახსნა.
„მივესალმები ჩვენს მეხსიერებას, რომელიც არც ერთი წუთით არ გვაძლევს საშუალებას მოვდუნდეთ, ქართველი ხალხი არ ივიწყებს იმას, რაც არ უნდა დაივიწყო. ერთი ხმაც ვერ უნდა მოიპოვოს საბჭოთა გადმონაშთმა თავისი კრემლის ვარსკვლავით. გადავცეთ ყველას, რომ მეორე ტური არის საბედისწერო არჩევანი, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.
შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ შეკრებილი საზოგადოება აპოლიტიკურია. შეხვედრას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რიგითი ბათუმელები ესწრებიან.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ბათუმელებთან შეხვედრა. ვიცი, როგორ სწრაფვა ჰქონდა ბათუმს თავისუფლებისაკენ, როგორი სიყვარული ამოძრავებთ ბათუმელებს. დარწმუნებული ვარ, მეორე ტური სრულიად სხვა შედეგს გვაჩვენებს, ამას სჭირდება მეტი კონტაქტი ხალხთან“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
საზოგადოებრივი მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით პირველი შეხვედრა 7 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრის შენობასთან გაიმართა. 11 ნოემბერს საზოგადოების წევრები მოსახლეობას თელავში შეხვდნენ.