დანტე ალიგიერის საზოგადოება - თბილისის კომიტეტმა და ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დანტე ალიგიერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლეს
დანტე ალიგიერის საზოგადოება - თბილისის კომიტეტმა და ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დანტე ალიგიერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლეს

დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტმა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, დანტე ალიგიერის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თემაზე – „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“.

ღონისძიებაზე ქართველმა პოეტმა, დავით მაღრაძემ ისაუბრა პოეზიის როლსა და მისიაზე თანამედროვე სამყაროში. წაიკითხა ლექსები იტალიაში გამოცემული თავისი კრებულებიდან, ამავე ლექსების იტალიური თარგმანები კი დანტე ალიგიერის საზოგადოების პედაგოგებმა წაიკითხეს.

დანტე ალიგიერისადმი მიძღვნილ საღამოს ესწრებოდნენ თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი ნინო ცერცვაძე, საქართველოში იტალიის სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო, სტუდენტები და ლექტორები.

დავით მაღრაძემ დანტე ალიგიერის საზოგადოებასა და ტექნიკურ უნივერსიტეტს საღამოს ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

„პანდემიის დროს შედგა საერთაშორისო პროექტი, როდესაც საკუთარი სახლის აივნიდან კითხულობდნენ ადამიანები დანტეს იტალიურად და ქართულად. მაშინაც მთხოვა დანტეს საზოგადოებამ და ჩავერთე რომში ამ პროექტს. დღეს უკვე გადაიარა ბევრმა უბედურებამ, მათ შორის პანდემიამ. დიდი მადლობა ორგანიზატორებს დღევანდელ საღამოზე ჩემი მოწვევისთვის“, – აღნიშნა დავით მაღრაძემ.

საქართველოში იტალიის ელჩის თქმით კი, კმაყოფილია, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრა და ეს მისთვის დიდი პატივია.

„გავიცანი არაჩვეულებრივი რექტორი და განვიხილეთ შესაძლებელი თანამშრომლობა. ბედნიერი ვარ, რომ უნივერსიტეტი მასპინძლობს იტალიური ენისა და კულტურის პირველ საუნივერსიტეტო ცენტრს საქართველოში, სადაც ისწავლება იტალიური ენა. ჩემთვის, როგორც ელჩისთვის, დიდი პატივია ღონისძიებაზე დასწრება“, – აღნიშნა იტალიის ელჩმა.

დანტე ალიგიერის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, 2020 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად 25 მარტს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.