საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა
სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა.
როგორც მან მედიასთან განაცხადა, დღეს განმეორებით გამოკითხვაზეა დაბარებული და მზად არის, გამოძიების ყველა შეკითხვას უპასუხოს.
რაც შეეხება მის პირველ ჩვენებას, რომელიც მიმდინარე წლის 11 სექტემბერს მისცა გამოძიებას, მედიაში გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის სასარგებლო ჩვენებად შეფასდა. მიქელაძემ განმარტა, რომ მას ჩვენება არა ვინმეს სასარგებლოდ, არამედ რეალურ გარემოებებზე დაყრდნობით მისცა.
„მე არავის სასარგებლოდ არ ვიძლევი ჩვენებას, ვსაუბრობ იმაზე, რაც რეალურად ხდება. სტატუსის შეცვლას არ ველოდები, რატომ უნდა ველოდებოდე. კომისიაში მიმდინარეობდა ჯანსაღი განხილვა და დღესაც გაგრძელდება“, – განაცხადა მალხაზ მიქელაძემ.
მას პროკურატურაში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ივანე ჩიტაშვილი ახლავს.
„ივანე მიქელაძე გამოკითხვაზე ნებაყოფლობით გამოცხადდა. ის მზად არის ისევე, როგორც 11 სექტემბერს მისცა ამომწურავი ჩვენება, დღესაც ამომწურავად ისაუბროს. ჩვენთვის უცნობია, რა ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არის ის გამოძახებული. ვიცით მხოლოდ, რომ დავით გარეჯის საქმეზეა დაბარებული. თუ რა კითხვები იქნება, ამას პროკურატურაში გავიგებთ”, – განაცხადა ივანე ჩიტაშვილმა.
მალხაზ მიქელაძე 2004-2005 წლებში სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარე იყო. ახლა კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი და კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ნოემბერს გადასინჯა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. ადვოკატები 211 პირის თავდებობის საფუძველზე ითხოვდნენ ილიჩოვასა და მელაშვილის გათავისუფლებას.