გიორგი მშვენიერაძე - სასამართლოზე მოწმემ დაადასტურა ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას განსაკუთრებული შრომა და მონდომება, რომ საქართველოს ინტერესები უკეთესად ყოფილიყო დაცული
გიორგი მშვენიერაძე - სასამართლოზე მოწმემ დაადასტურა ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას განსაკუთრებული შრომა და მონდომება, რომ საქართველოს ინტერესები უკეთესად ყოფილიყო დაცული

სხდომაზე მოწმემ დაადასტურა ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას განსაკუთრებული შრომა და მონდომება, რომ საქართველოს უკეთესი პოზიცია ჰქონოდა წითელი ხიდის მონაკვეთთან დაკავშირებით, რასაც მათ შორის მოჰყვა გარკვეული ცვლილებები აზერბაიჯანულ კომისიაში, – ამის შესახებ ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მოწმემ დაადასტურა, როგორც ბრალდებულების კანონშესაბამისი მოქმედება, ასევე მათი მონდომება და ინტერესი, რომ საქართველოს ინტერესები ყოფილიყო უკეთესად დაცული.

„საქართველოს პოზიცია თავიდანვე იყო და რჩებოდა 2019 წლის ჩათვლით, რომ საქართველოს შემადგენლობაში სრულად უნდა მოექცეს არა მარტო ის მონაკვეთები, რომლებიც თუნდაც 1938 წლის ხაზით საქართველოს შემადგენლობაშია, არამედ ის მონაკვეთებიც, რომლებიც ამ ხაზს მიღმა არის დარჩენილი, შეიძლება, ფაქტობრივად აღმოჩენილია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მაგრამ წარმოადგენს საქართველოსთვის მნიშვნელოვან კულტურულ-რელიგიურ და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებს, მათ შორის, ცხადია, საუბარია ბერთუბნის მონასტერზე, დავით გარეჯის კომპლექსში შემავალ სხვა მონასტრებზე. მოწმემ ასევე დაადასტურა ბატონი ივერი მელაშვილისა და ქალბატონი ნატალია ილიჩოვას განსაკუთრებული შრომა და მონდომება, რომ საქართველოს უკეთესი პოზიცია ჰქონოდა წითელი ხიდის მონაკვეთთან დაკავშირებით, რასაც მათ შორის მოჰყვა გარკვეული ცვლილებები აზერბაიჯანულ კომისიაში. მოწმემ ცალსახად დაადასტურა, როგორც ბრალდებულების კანონშესაბამისი მოქმედება, ასევე მათი მონდომება და ინტერესი, რომ საქართველოს ინტერესები ყოფილიყო უკეთესად დაცული. ის, რომ ბრალდების პოზიცია არის მტკნარი სიცრუე, ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ამ რუკების შესახებ კომისიამ, როგორც თავად ამბობენ, იცის 2015 წლიდან და დღეს 2022 წელია, ოდნავაც კი არ წაწეულა საქმიანობა ამ მხრივ საქართველოს სასარგებლოდ, რადგან ეს რუკები სინამდვილეში არ წარმოადგენს მნიშვნელოვან და ფასეულ კარტოგრაფიულ მასალას. იმ პერიოდში, როდესაც ბატონი უკლება ხელმძღვანელობდა ამ კომისიას, ამ რუკების არსებობის შესახებ არავინ იცოდა, მათ შორის არც ბრალდებულებმა. ეს რუკები გამოჩნდა 2000 წლის შემდგომ, როდესაც ბრალდებულებმა თავად მოიპოვეს საკუთარი პირადი ურთიერთობით, შემდეგ წარადგინეს სახელმწიფო უწყებებში ეს რუკები და ამ რუკების შინაარსი. სამწუხაროდ, ხარისხი არის უვარგისი იმისთვის, რომ გამოყენებული ყოფილიყო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაში“, – განაცხადა მშვენიერაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დღეს მორიგი სხდომა გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე გამოიკითხა.