ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის განცხადებით, სხდომაზე რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარუდგენიათ, რაც გადასინჯვის საფუძველი გახდებოდა. ამასტან, მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე.

მოსამართლე ზვიად შარაძემ ადვოკატების პოზიცია არ გაიზიარა.

ადვოკატები 211 პირის თავდებობის საფუძველზე ითხოვდნენ ილიჩოვასა და მელაშვილის გათავისუფლებას. ასევე, ალტერნატივის სახით მოსამართლეს დამატებითი შემზღუდავი ზომების გამოყენებასაც სთავაზობდნენ.

ბრალდების მხარე არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებაზე ადვოკატების პოზიციას არ ეთანხმებოდა. პროკურორების განცხადებით, კვლავ არსებობდა საფრთხეები, მათ შორის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების.

ასევე, ადვოკატებმა წარადგინეს ექსპერტიზის დასკვნა, რომელზეც, მათივე განცხადებით, არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის, ირაკლი უგულავას ხელმოწერა, რომელსაც, ადვოკატების თქმით, გეოლოგია-გეოგრაფიის მიმართულებით 22-წლიანი სტაჟი აქვს. ამ დასკვნით კი, ადვოკატების განცხადებით, ექსპერტს წარედგინა 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, რომელზეც დასკვნაში წერია, რომ აცდენილია წერტილები და რეალობას არ შეესაბამება. შესაბამისად, ადვოკატების თქმით, ეს დოკუმენტიც მოწმობს, რომ 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის გამოყენება არ იყო რელევანტური სადელიმიტაციო სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრების მხრიდან.

სასამართლოზე განაცხადა გააკეთა ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა, რომელიც წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

„მე პროკურატურისგან დღეს არ მომისმენია რაიმე განსხვავებული. ერთი კითხვა მაქვს, გენერალურ პროკურატურას რაიმე ახალი დადგენილი, ანუ მოტივი, მე და ნატალიამ რა მოტივით ჩავიდინეთ ეს, არის პასუხი პროკურატურისგან? რაც შეეხება მოწმეების ჩვენებებს გაჯერებულია ტყუილებით, რაც გაკეთდა და რომელიც ავიღეთ, ის არის სწორი, ის არის ქვეყნისთვის სწორი“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

ბრალდებულები ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი სასამართლოს სხდომაზე არ იმყოფებოდნენ. ისინი პროცესში დისტანციურად, ვიდეოზარის საშუალებით იყვნენ ჩართულები.