დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გირაოს სახით 20 ათასი ლარის გამოყენებას ითხოვდა. ხოლო ივერი მელაშვილის ადვოკატის მოთხოვნა იყო პროცესის გადადება, რადგან მისი განცხადებით, საქმის მასალები რამდენიმე საათის წინ გადაეცათ და შესაბამისად, გაცნობას ვერ მოასწრებდნენ.

ბრალდების მხარე სხდომის გადადებას არ დაეთანხმა, რადგანაც საქმის პროკურორის თქმით, უზრუნველყოფილი იყო, რომ პირველ წარდგენამდე მომხდარიყო საქმის მასალების გადაცემა. საბოლოოდ, მოსამართლემ პროცესის გადადების თაობაზე ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროცესს ორივე ბრალდებული ესწრებოდა.

წინასასამართლო სხდომა საქმეზე 4 დეკემბერს გაიმართება.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.