საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე მინდია ჯანელიძე იკითხება
საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე მინდია ჯანელიძე იკითხება

დავით გარეჯის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კრიზისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე იკითხება.

როგორც ჯანელიძემ განაცხადა, 2014 წელს ღარიბაშვილი და თავად შეხვდნენ კარტოგრაფებს, ასევე მამა კირიონს, რომლებმაც ღარიბაშვილის წინაშე გარეჯის პრობლემა დააყენეს. მისივე თქმით, მამა კირიონი ამბობდა, რომ 2007 წლის შემდეგ ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტერში ვეღარ გადადიოდნენ, ამ შეზღუდვას კი  სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის მუშაობას უკავშირებდა.

მინდია ჯანელიძის განმარტებით, ღარიბაშვილმა მას საკითხის მოკვლევა დაავალა, თავად კი, თავის მოადგილეს, გიორგი სვანაძეს დაავალა ამ საქმის მოკვლევა. ამასთან, მინდია ჯანელიძის განცხადებით, აღმოაჩინეს, რომ საქართველოს სასარგებლო კარტოგრაფიული მასალა გამოყენებული არ იყო და დამალული იყო.

„კარტოგრაფიის სამმართველოს თანამშრომლები და მამა კირიონი იყვნენ, წარმოდგენილი იქნა მათი მოხსენება, რომ სადელიმიტაციო კომისია ხარვეზებით ასრულებდა მოვალეობას. კირიონი ამბობდა, რომ 2007 წლამდე თავისუფლად გადაადგილდებოდა და 2007 წლის შემდგომ დადგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. არა მარტო მამა კირიონს, სხვა ბერმონაზვნებსაც შეეზღუდათ. მამა კირიონი ამას უკავშირებდა კომისიის საქმიანობას, რომელმაც აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან შეთანხმება მოახდინა. ერთსაათიანი მოხსენება იყო მათი მხრიდან, რის შემდეგაც პრემიერმა დამავალა ამ საკითხის შესწავლა. მე მოადგილეს, გიორგი სვანაძეს დავავალე, უშუალოდ ის რუკა იყო დაკარგული, რომელიც გარეჯს შეეხებოდა. გამოჩნდა რუკა, ასლი როგორც კი ხელმისაწვდომი გახდა, დაიწყეს კვლევა, რომელიც 2014-ში დასრულდა. ამ თემაზე ჩატარდა გაფართოებული შეხვედრა, საკოორდინაციო შეხვედრა იყო. ესწრებოდნენ ივერი (მელაშვილი) და ნატალიაც (ილიჩოვა), ასევე სხვადასხვა უწყებიდან, ჩემი მოადგილე გიორგი სვანაძე. ჩვენ არ ვიცოდით ასე თვალნათლივ, რომ დაკარგული რუკა აუმჯობესებდა საქართველოს მდგომარეობას, ვიდრე არ დაიდო კვლევა. ამ კვლევის დასკვნა იყო, რომ ქართულ მხარეს დაკარგული აქვს რუკა. დადეს დასკვნა, რომ საქართველოს საზიანოდ იყო შეთანხმებული. ასე დაიწყო 200 000-იანის (მასშტაბის რუკის) მოპოვების შემდეგ შეხვედრა. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ბრალდებულები“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მელაშვილი და ილიჩოვა მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.