სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესყიდვების სააგენტოსთან ერთად ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებისთვის ტრენინგებს ატარებს
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესყიდვების სააგენტოსთან ერთად ატარებს ტრენინგების ციკლს თბილისსა და რეგიონებში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებისა და მეწარმეთათავის, – ამის შესახებ ინფორმაციას შესყიდვების სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტრენინგები USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის (G4G)-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში ჩატარდება.
„პროექტის მთავარი მიზანია რეგიონებში სახელმწიფო შესყიდვებით ბიზნეს-სექტორის დაინტერესება და საჯარო შესყიდვების პროცესში მათი მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.
პროექტისთვის 15 მონაწილე შეირჩა ბიზნესასოციაციებისა და რეგიონული წარმომადგენლობებიდან, რომლებმაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარეს. მოსამზადებელი კურსი მათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერებმა ჩაუტარეს.
პროექტის მეორე ეტაპზე გადამზადებული კანდიდატები იმუშავებენ დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან რეგიონებში და მიაწვდიან მათ შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებისა და სერვისების თაობაზე.
USAID G4G პროგრამის ფარგლებში, რომელიც უკვე წლებია, მსგავსი პროექტების აქტიური მხარდამჭერია, შეიქმნა ექვსი ახალი გამოცემა, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე შემსყიდველ ორგანიზაციებს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლაში დაეხმარება.