გიორგი აბაშიშვილი - პროფესიული განათლების მიმართულებით სახელმწიფომ მეტი დელეგირება უნდა მოახდინოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაზე
გიორგი აბაშიშვილი - პროფესიული განათლების მიმართულებით სახელმწიფომ მეტი დელეგირება უნდა მოახდინოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაზე

პროფესიული განათლების მიმართულებით სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა მოახდინოს უფლებების დელეგირება სავაჭრო პალატაზე, როგორც ეს მაგალითად გერმანიასა და ავსტრიაშია, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა, „ილიაუნის“ ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორმა, გიორგი აბაშიშვილმა გადაცემის მსვლელობისას განაცხადა.

დღევანდელი გადაცემის სტუმრის ბლოკში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ნინო ჩიქოვანთან ერთად ბიზნესისათვის კვალიფიციური კადრების მოძიების პრობლემა განიხილეს. მთავარი აქცენტი პროფესიული განათლების, განსაკუთრებით დუალური სწავლების მოდელის მნიშვნელობაზე გაკეთდა, რომლის დანერგვასაც მოცემულ ეტაპზე სავაჭრო-სამრეწველო პალატა უწყობს ხელს.

აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება უფრო სწრაფად და მოქნილად წყვეტს კვალიფიციური კადრების პრობლემას, ვიდრე თუნდაც უმაღლესი განათლება. მისი განმარტებით, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ საკითხის ეფექტურად მოგვარება სწორედ სავაჭრო-სამრეწველო პალატას შეუძლია.

აქედან გამომდინარე, აბაშიშვილის აზრით, უპრიანი იქნება პროფესიული განათლების მიმართულებით სახელმწიფომ მეტად მოახდინოს უფლებების დელეგირება სავაჭრო პალატაზე, როგორც ეს დასავლეთის წამყვან სახელმწიფოებშია.

„სახელმწიფოს მიმართ მეტ მოთხოვნას დავაყენებდი, რომ კიდევ უფრო მეტი ფუნქციები მიეცეს სამრეწველო-სავაჭო პალატას. ისეთი, როგორც, მაგალითად გერმანიაშია ან ავსტრიაში, რომ პალატამ შეძლოს მეტი ეფექტის მიღწევა ამ ნაწილში. არ არის აუცილებელი, ყველაფერი ცენტრალიზებულად კეთდებოდეს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, პალატას მივცეთ უფლება, რომ გაიტანოს ეს საკითხები გარეთ და უზრუნველყოს ეფექტური დიალოგი. უმაღლეს სასწავლებლებში მთავარ საკითხად გვაქვს, თუ რამდენად შეიძლება ბიზნესის ჩართვა იმ კუთხით, რომ ბიზნესს მივაწოდოთ კვალიფიციური კადრები, მაგრამ პროფესიული განათლება ამ ნაწილში უფრო მოქნილად და სწრაფად წყვეტს აღნიშნულ პრობლემას, ვიდრე მთელი ეს სასწავლო ციკლი. მთავარია, ჩვენ ბიუროკრატიული პროცედურები შევამციროთ და მეტი დელეგირება მოხდეს იმ რგოლზე, რომელსაც ამის უფრო ეფექტურად განხორციელება შეუძლია. მგონია, რომ სავაჭრო პალატა იქნებოდა უფრო ეფექტური მექანიზმი იმიტომ, რომ ეს მეთოდი ნაცადია“, – განმარტა აბაშიშვილმა.