თელ-ავივსა და თბილისში ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატა გაიხსნება
თელ-ავივსა და თბილისში ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატა გაიხსნება

საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში თელ-ავივსა და თბილისში ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატა გაიხსნება.

საელჩოს ცნობითვე, დირექტორთა საბჭოს უხელმძღვანელებს მისი პრეზიდენტი ბენი ბენიში.

„ისრაელის საელჩო საქართველოში მოხარულია გაცნობოთ, რომ უახლოეს მომავალში ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატა გაიხსნება თელ-ავივსა და თბილისში. მიმდინარე კვირის დასაწყისში სავაჭრო პალატამ მიიღო ოფიციალური დასტური ისრაელის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებიდან და დაასრულა აკრედიტაციის ყველა აუცილებელი პროცედურა, რაც ისრაელის სავაჭრო პალატების ფედერაციის (FICC – Federation of Israeli Chambers of Commerce) მიერ იყო მოთხოვნილი. სავაჭრო პალატის დაარსებას ასევე მიესალმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დირექტორთა საბჭოს უხელმძღვანელებს მისი პრეზიდენტი, ბატონი ბენი ბენიში (Mr. Beni Benish), ხოლო საბჭოს შემადგენლობაში შედის ისრაელის ბიზნესის, საინვესტიციო და საბანკო სფეროებისა და პოლიტიკური წრეების 20 გამორჩეული წარმომადგენელი.

სავაჭრო პალატა ორივე ქვეყნის კომპანიებს, ინვესტორებსა და მეწარმეებს შესთავაზებს ყველა იმ პროფესიულ მომსახურებასა და ექსპერტულ რჩევებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ ბიზნესს, სავაჭრო და საინვესტიციო საქმიანობას.

ისრაელის საელჩო ამაყობს, რომ აქვს შესაძლებლობა, ითანამშრომლოს ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატასთან და ხელი შეუწყოს ჩვენი შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.