მამუკა ბახტაძე - საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატას 20 წელი შეუსრულდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიწყებთ მეგობრობის ახალ თავს
მამუკა ბახტაძე - საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატას 20 წელი შეუსრულდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიწყებთ მეგობრობის ახალ თავს

საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატას 20 წელი შეუსრულდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიწყებთ მეგობრობის ახალ თავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ იმედი გამოთქვა, რომ მეგობრობის ახალ თავს აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით დაიწყებენ.

„1991 წელს აშშ-ი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. მას შემდეგ ამერიკელი ხალხი განუხრელად გვიდგას გვერდში იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას დამოუკიდებლობის გზაზე, ევროპულ ოჯახსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე.

ჩვენი პარტნიორობა და მეგობრობა ბრძოლაშია გამოცდილი. ჩვენი მებრძოლები ერაყსა და ავღანეთში ებრძვიან კაცობრიობის წინაშე მდგარ უდიდეს გამოწვევას – საერთაშორისო ტერორიზმს. რასაკვირველია, ადამიანთა შრის ურთიერთობები უმთავრესია, ხოლო ბიზნესებს შორის ურთიერთობების კომპონენტი, როგორც ადამიანთა შორის კონტაქტების შემადგენელი ნაწილი, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევას, რომელიც ჩვენ გვაქვს ორმხრივ ურთიერთობებში.

რა თქმა უნდა, ამერიკის სავაჭრო პალატა ყოველთვის იყო ამ წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა. მეგობრებო, თქვენ უკვე 20 წელი შეგისრულდათ. გილოცავთ! ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ ვიწყებთ მეგობრობის ახალ თავს. გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ ამ ახალ თავს დავიწყებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ 2019 წელი იქნება გარდამტეხი ამ თვალსაზრისით“, – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატას 20 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ეკონომიკის მინისტრი, ასევე აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როსს უილსონი.

ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში მუშაობა 1998 წელს დაიწყო, იგი ამჟამად ქვეყანაში ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ბიზნეს გაერთიანებაა,რომელიც 200-ზე მეტი კომპანიისგან შედგება. იგი აშშ-საქართველოს ურთიერთობების გამყარებასა და ქვეყნის ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.