სატურნი და მისი მთვარე ენცელადი ერთმანეთს „ელაპარაკებიან“ - ხმა უცნაური და შემზარავია
19:35, 12.07.2018
NASA-ს კოსმოსურ ხომალდ „კასინის“ მიერ მისიის ბოლო თვეებში შეგროვებული მონაცემებს მეცნიერებისთვის კვლავ ოქროს ფასი აქვს. ზონდის „დიდი ფინალის“ ახალმა ანალიზებმა გამოავლინა აქამდე უცნობი ურთიერთობა სატურნსა და მის მთვარეს, ენცელადს შორის — ამ ორ სხეულს შორის მოძრავი პლაზმის ტალღები.
როდესაც კასინი სატურნს უკიდურესად ახლოს მიუახლოვდა, რათა სამუდამოდ ჩაეყვინთა პლანეტის შტორმებში, შანსი ხელიდან არ გაუშვა და შეაგროვა ისეთი მონაცემები, რომელთა აღებაც შორი მანძილიდან შეუძლებელი იყო.
ერთ-ერთი ასეთი ჩაშვებისას, საბოლოოდ ჩაყვინთვამდე ორი კვირით ადრე, კასინიმ თავის რადიო-პლაზმური სამეცნიერო ინსტრუმენტით (RPWS) შეძლო დაეჭირა სატურნსა და ენცელადს შორის მოძრავი პლაზმის ტალღების ხმები. მაშინ პირველად დამტკიცდა, რომ მაგნიტური ველების ხაზებზე მოძრავი ეს ტალღები ამ ორ სხეულს ერთმანეთთან აკავშირებს.
„ენცელადი სატურნის გარშემო მოძრავი ერთგვარი გენერატორია, ვიცით, რომ ის ენერგიის მუდმივი წყაროა. ახლა უკვე აღმოვაჩინეთ, რომ სატურნი მას ეპასუხება პლაზმის ტალღების ფორმის სიგნალის გაგზავნით, რაშიც ჩართულია ათასობით კილომეტრით დაშორებულ ენცელადთან დამაკავშირებელი მაგნიტური ველების ხაზები“, — ამბობს აიოვის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი ალი სულეიმანი.
რა თქმა უნდა, საქმე არ ეხება ნამდვილ ხმებს. ხმა არის ვიბრაცია ისეთ სივრცეში, როგორიცაა ჰაერი. ყურის შუა აპკთან მიღწევისა და ვიბრირებისას, ის აღიქმება როგორც ხმა. სივრცეში ჰაერის არარსებობის გარეშე, ასეთი ვიბრაციები ვერ გავრცელდება.
მაგრამ რადიოტალღები ხმა არ არის. ისინი ელექტრომაგნიტური რადიაციის ფორმაა, როგორიც სინათლე და წარმოიქმნება თვითგავრცელებადი ელექტრული და მაგნიტური ველებისგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ სივრცეში გადაადგილება.
რადიოტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია ეს რადიოტალღები ხმად გარდავქმნათ, რასაც დედამიწაზე საკომუნიკაციო მიზნებისთვის ვიყენებთ.
აუდიოსიხშირულ დიაპაზონში არსებული პლაზმის ტალღები ასევე ელექტრომაგნიტურია; სწორედ ისინი დააფიქსირა კასინიმ. შემდეგ მეცნიერებმა ეს სიგნალები აუდიოდ გარდაქმნეს და 16 წუთიდან 28,5 წამამდე დაიყვანეს.
შედეგი მართლაც არაამქვეყნიურია — უცნაური, ტკაცუნა, სტვენის მსგავსი ყმუილი, რომელიც ხან წყნარდება, ხან ისევ მაღლა ადის. ასეთი ხმები ძირითადად დამახასიათებელია პოლარული ნათებისთვის და მას ციალის შიშინს უწოდებენ.
წინა ასეთი შიშინი კასინიმ ენცელადთან ახლოს გადაფრენისას დააფიქსირა, მაგრამ რაც შეეხება თავად იუპიტერს, ასეთი მახასიათებლის აღმოჩენა მის შემთხვევაში პირველია.
გარდა ამისა, მეცნიერებისთვის ასევე ცნობილია, რომ სატურნსა და ენცელადს შორის არსებული ურთიერთობა ძალიან განსხვავდება დედამიწისა და მთვარის ურთიერთობისგან. ცნობილია ისიც, რომ ენცელადის ზედაპირიდან ამოფრქვეული წყლის გეიზერების ნაწილაკები წარმოქმნიან სატურნის ერთ-ერთ რგოლს.
ასევე დადასტურებული ფაქტია, რომ სატურნის მაგნიტური ველი შემოფარგლავს ენცლადს და განაპირობებს მის გეოლოგიურად აქტიურობას, რაც არ ხდება დედამიწისა და მთვარის შემთხვევაში.
მეცნიერთა თქმით, აღნიშნული კვლევა ახალ სინათლეს ჰფენს პლანეტასა და მის თანამგზავრს შორის არსებულ ახლო ურთიერთობას და გვეხმარება, უკეთ გავერკვეთ სატურნის საოცარ მახასიათებლებში.