სატრანსფერო დღის მიმოხილვა - უოლკოტი "ევერტონში" გადავიდა, სანჩესი მხითარიანში იცვლება
შემდგარი ტრანსფერი
ტეო უოლკოტი – “ევერტონში”
ფასი: 22.5 მილიონი ევრო
ინგლისის ნაკრების შემტევი ტეო უოლკოტი “ევერტონის” ფეხბურთელი გახდა. “არსენალის” ყოფილმა ფორვარდმა სამწელნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის თანხად 22.5 მილიონი ევრო დასახელდა. ტეოს ახალ კლუბში ძველი ხელფასი შეუნარჩუნდება – 124 ათასი ევრო.
დღის TOP4 ამბავი
ექტორ ბელერინი – “იუვენტუსში”
ალბათობა: 40%
“იუვენტუსმა” უკვე დაიწყო მუშაობა ზაფხულის ტრანსფერებისთვის. Tuttosport წერს, რომ ტურინელებს სურთ “ესპანიოლის” მეკარე პაუ ლოპესი და “არსენალის” მცველი ექტორ ბელერინი. პირველი უფასოდ გადავა, როგორც თავისუფალი აგენტი, მეორეს ფასი კი 40 მილიონი ევროა.
ლეონ გორეცკა – “ბაიერნში”
ალბათობა: 80%
ლეონ გორეტცკამ მიიღო “ბაიერნის” წინადადება. ნახევარმცველს რჩება მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა. მიუნხენელებს სურთ დარწმუნდნენ, რომ ამასწინდელ ტრავმას რაიმე გამოვლინებები არ ჰქონია. გერმანელზე “ლივერპულიც” აცხადებდა პრეტენზიას, მაგრამ მერსისაიდელებმა ”ბაიერნთან” ბრძოლა წააგეს.
მიშუ ბატშუაი – “დორტმუნდში”
ალბათობა: 50%
“დორტმუნდი” უკვე ეძებს პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემცვლელს. გერმანელთა სიაში პირველ ნომრად მიშუ ბატშუაი წერია. შეგახსენებთ, რომ “ჩელსის” ფორვარდზე პრეტენზიას “სევილიაც” აცხადებს, მაგრამ ანტონიო კონტე არ დათმობს მას იქამდე, სანამ შემცვლელს არ იპოვნის.
ჰენრიხ მხითარიანი – “არსენალში, ალექსის სანჩესი “მანჩესტერ იუნაიტედში”
ალბათობა: 80%
ალექსის სანჩესმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა. ჩილელი ოთხი წლის განმავლობაში ყოველ წელს 16 მილიონ ევროს მიიღებს. ტრანსფერი შედგება იმ შემთხვევაში, თუ ჰენრიხ მხითარიანი ”არსენალში” გადასვლას დათანხმდება.
და კიდევ:
“რეალმა” ოფიციალური განაცხადი გააკეთა “ბილბაოდან” მეკარე კეპა არისაბალაგას ტრანსფერზე. ესპანეთის ჩემპიონი ამ გარიგებაში 20 მილიონ ევროს დახარჯავს. ადრე ცნობილი გახდა, რომ მეკარემ მადრიდელებისთვის სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტს სულ მალე გაახანგრძლივებს. ახალი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
ნიკოლას ოტამენდიმ “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ხუან მატა “მანჩესტერ იუნაიტედიდან” თავისუფალი აგენტის რანგში, შესაძლოა, ზაფხულში წავიდეს. როგორც ირკვევა, ინგლისურ კლუბს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება შეუძლია, მაგრამ შესაბამისი პუნქტის გააქტიურებას არ ჩქარობს.
“ბარსელონამ” “გრანადას” 19 წლის მცველი მარტინ ჰონგლა იჯარით აიყვანა. ეს ბიჭი ნახევარ წელიწადს “ბარსელონა B”-ში გაატარებს. კატალონელებს სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
“დორტმუნდმა” მარკ ბარტრა ტრანსფერზე დააყენა. ესპანელი მცველი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება – მწვრთნელი პეტერ შტიოგერი დაცვის ცენტრში ძირითად წყვილად აკანჯი-პაპასტატოპულოსს მოიაზრებს. თავად ბარტრას ესპანეთში დაბრუნება სურს.
ხავიერ მასკერანო ”ჰებეი ჩაინა ფორჩუნში” ნამდვილად გადავა. არგენტინელი თავის ბოლო მატჩს კატალონელთა რიგებში 24 იანვარს ჩაატარებს, როცა “ესპანიოლის” წინააღმდეგ ესპანეთის თასის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. ვეტერანის სანაცვლოდ, “ბარსელონა” 10 მილიონ ევროს მიიღებს.