სასამართლო რეფორმის საკითხებზე დღეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება
სასამართლო რეფორმის საკითხებზე დღეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება

ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სასამართლო რეფორმის საკითხებზე დღეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაახლოებით 30 საკითხია იდენტიფიცირებული, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან არის დასმული.

დეპუტატის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დისკუსიის საგანი იქნება როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი, ასევე მოსამართლეთა დაწინაურებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა.

„იმედია, ეს ყველაფერი ნაყოფიერი იქნება. პროცესი მაქსიმალურად გახსნილია. ჩვენი მთავარი ამოცანაა,  ცვლილებები დაეფუძნოს განვითარებულ, სამართლებრივ მიდგომებს. ცდების ჩატარების დრო არ გვაქვს, ჩვენი მიზანია, ცვლილებები განვახორციელოთ საუკეთესო საერთაშორისო მოდელზე დაყრდნობით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

სამუშაო ჯგუფი სავარაუდოდ კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც უკვე ცვლილებები მომზადდება და მისი ინიცირება მოხდება.