სასამართლო რეფორმების შეფასებასთან დაკავშირებით კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება
სასამართლო რეფორმების შეფასებასთან დაკავშირებით დღეს კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევის „სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში (რეფორმების I, II და III ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი)“ შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტშია“ დაგეგმილი.
კვლევა იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კონსორციუმებმა „იფსოს ფრანსმა“ (IPSOS France), „ამიკუს კურიაიმ“ (Amicus Curiae), პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბმა“ ჩაატარეს.
პრეზენტაციას გამართავენ კვლევის დირექტორი მეთიუ გალარდი, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ხელმძღვანელობს („იფსოსის“ საზოგადოებრივ საქმეთა, სოციალურ და საზოგადოებრივი აზრის კვლევის დეპარტამენტი), ასევე „გორბის“ ხელმძღვანელი მერაბ ფაჩულია.
საქართველოს მასშტაბით 2018 წლის 10 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 2013 რესპონდენტი გამოიკითხა.
ამასთან, ჩატარდა თვითშევსებადი ინტერვიუები დაინტერესებული მხარის ოთხი ჯგუფის პროფესიონალებთან მათი რეპრეზენტატული შერჩევის საფუძველზე: პროკურორები (159), ადვოკატები (380), მოსამართლეები (213) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები (12). პირისპირ ჩატარდა, ასევე, ინტერვიუები შემთხვევით შერჩეულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომლებიც იმჟამად სასამართლოთი სარგებლობდნენ და იყვნენ რომელიმე მხარე სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართალწარმოებაში (186 რესპონდენტი).
რაც შეეხება კონსორციუმის წევრებს, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოში მარკეტინგული კვლევის კომპანიებს შორის სიდიდთ მესამე „იფსოსი“(Ipsos) 1975 წელს დაარსდა, მას ოფისები დღეს 87 ქვეყანაში აქვს და 16 530 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ოთხი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს: მარკენტიგული კვლევები; მედია და სარეკლამო კვლევა; საზოგადოებრივი და სოციოლოგიური კვლევები; კლიენტისა და თანამშრომლის ურთიერთობის მართვა.
ტილბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ვიქტიმოლოგიასა და ადამიანის უსაფრთხოების საკითხებში იან ვან დაიკი კი, წლების განმავლობაში ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის დირექტორი იყო. მას დაარსებული აქვს მსხვერპლთა მხარდაჭერის ცენტრი ნიდერლანდებში, იყო მიწვეული პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში. ვან დაიკი არის დანაშაულისა და კრიმინალური სამართლის ერთ-ერთი აღიარებული ექსპერტი მსოფლიოში, რომელიც მუშაობდა გაერო-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციებისთვის. არის 200-ზე მეტი სტატიის ავტორი აკადემიურ ჟურნალებში, 2012 წელს დაჯილდოვდა კრიმინოლოგიაში სტოკჰოლმის პრიზით.
რაც შეეხება „გორბს“, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრია, შეიქმნა და ფუნქციონირებს 1991 წლიდან. „გორბი“ აწარმოებს ყოველგვარ რაოდენობრივ და ხარისხობრივ კვლევას, მათ შორის, სამეცნიერო გამოკვლევებს, ჯგუფურ დისკუსიებს, ჩაღრმავებულ ინტერვიუებს, მარკეტინგული და სამომხმარებლო ბაზრის კვლევებს, გარკვეული მარკის სასაქონლო ბაზრის, მომხმარებლების განწყობისა და ბაზრის განვითარების შესწავლას.