სასამართლო გიორგი ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში მსჯელობენ.
პროკურორი ლევან ჯალაღანია აცხადებს, რომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერებიცაა.
„მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. საქმეშია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერები“, – აცხადებს პროკურორი.
გიორგი ჭანტურიას ერთ-ერთი ადვოკატი ანა კეკენაძე აცხადებს, რომ დაცვის მხარე სასამართლოზე დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვს.
„გიორგი ჭანტურია უნდა გათავისუფლდეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე. მის საწინააღმდეგოდ ფალსიფიცირებული ჩანაწერი გავრცელდა და ის იქნება სასამართლოში დაუშვებლად ცნობილი. იცოდნენ, რომ ამ ჩანაწერს სასამართლოში ვერ გამოიყენებდნენ. მოსმენებზე იყო განჩინებები, მაგრამ მოსასმენი აპარატი როდის დაამონტაჟეს, ჩანაწერი როდის მომზადდა, ეს არ ვიცით. დაკავებულის და მარიამ ჭანტურია ამბობს, რომ ჩანაწერი არის ფალსიფიცირებული“, – განაცხადა ადვოკატმა.
ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება – განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.
გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ღამით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა.
უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.