საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 5.6 პროცენტით შემცირდა
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 5.6 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 13 331.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 5.6 პროცენტი შეადგინა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 5.9 პროცენტით.

საქსტატის ცნობით, კლება აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები (-53.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-25.0 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-32.4 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-49.0 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-12.5 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-11.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-4.4 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (4.3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (6.6 პროცენტი), განათლება (5.6 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (14.7 პროცენტი), მშენებლობა (2.0 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (1.5 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.1 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.7 პროცენტი), მშენებლობა (10.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (9.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.4 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.8 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. წლიური კვლევების შედეგები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური კვლევების მონაცემებისგან. შესაბამისად, აუცილებელი ხდება კვარტალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტება წლიური კვლევების მონაცემების გათვალისწინებით. გასული წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, იმავე წლის ოთხი კვარტალის მაჩვენებლების დაზუსტებასთან ერთად, ხორციელდება მიმდინარე წლის პირველი და მეორე კვარტალების მაჩვენებლების გადაანგარიშებაც.

2021 წლის ნოემბერში 2020 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, საბოლოოდ დაზუსტდება 2020 წლის კვარტალური მაჩვენებლები.