საქსტატი - 2022 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4.9 მილიონ სტუმარს მოემსახურნენ, რაც 61.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე
საქსტატი - 2022 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4.9 მილიონ სტუმარს მოემსახურნენ, რაც 61.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 162 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 213 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 24.6 პროცენტით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით. სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა „ინდივიდუალური მეწარმე“, რომელიც შეადგენდა 2022 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 54.5 პროცენტს.

უწყების მონაცემებით, სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.7 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.3 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაში. 2022 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 195.4 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 20.9 პროცენტით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. აქედან ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 1 489.5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 12.8 პროცენტით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. 2022 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 97.8 ათასი შეადგინა, რაც 11.4 პროცენტით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 6.3 პროცენტით და 45.8 ათასი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4.9 მილიონ სტუმარს მოემსახურნენ, რაც 61.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 60.5 პროცენტს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან უმეტესობა, 488.9 ათასი, ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.3-ჯერ მეტია. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულები უცხოელი სტუმრების 6.2 პროცენტს შეადგენდნენ, რომელთა უმეტესობა გერმანიისა და პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ.

გასულ წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით.