გოგიტა თოდრაძე - 2023 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე შედარებით მაღალი იყო, ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გამო, პირველი კვარტალი დაბალი აქტიურობით გამოირჩევა
გოგიტა თოდრაძე - 2023 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე შედარებით მაღალი იყო, ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გამო, პირველი კვარტალი დაბალი აქტიურობით გამოირჩევა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ 2023 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე სოციალური სტატისტიკის მაჩვენებლებზე ისაუბრა.

თოდრაძის თქმით, 2023 წლის პირველ კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით, უმუშევრობის დონე მაღალი იყო, რაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს უკავშირდება. ამასთან, გოგიტა თოდრაძის განმარტებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საშუალო ხელფასი 16 პროცენტითაა გაზრდილი.

„მოგეხსენებათ, უმუშევრობის დონის 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემები უკვე ხელმისაწვდომია. პირველ კვარტალში შედარებით მაღალი იყო. ზოგადად, ტენდენციას თუ გადავხედავთ, პირველ კვარტალში ყოველთვის შედარებით მაღალია უმუშევრობის დონე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების, სეზონურობის გამო პირველი კვარტალი დაბალი აქტიურობით გამოირჩევა. დაქირავებულთა წილი კვლავ 2/3-ია, ოდნავ მეტი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის მესამე კვარტალში საშუალო ხელფასი გაზრდილია 16 პროცენტით და არის 1 855 ლარი, თუმცა არსებობს დარგები, მაგალითად, ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი, სადაც საშუალო ხელფასის მაჩვენებელი დაახლოებით 4 000 ლარია. შემდეგ მოდის მშენებლობის სექტორი – დაახლოებით 3 000 ლარი. შემდეგ მოდის საფინანსო და სადაზღვეო სექტორი – 3 000 ლარზე ცოტა ნაკლებია ამ სექტორში ხელფასის საშუალო მაჩვენებელი. გარდა ამისა, ჩვენ მივეცით მომხმარებლებს უკვე ორი წლის შესაძლებლობა, გამოიყენონ სხვა დამატებითი მაჩვენებელი, ხელფასების სტატისტიკის მიმართულებით. ეს გახლავთ მედიანური ხელფასი, რომელიც ჯამურად დაახლოებით 1050 ლარს შეადგენს“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ცხოვრების დონის მაჩვენებელი სამი ძირითადი ინდიკატორით არის წარმოდგენილი.

„პირველია აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც შემცირებულია თითქმის ორი პროცენტული პუქნტით და 2022 წელს 15.6 პროცენტს შეადგენს. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი მედიანური მომხმარებლის 60 პროცენტის მიმართ გაზრდილია 18.9 პროცენტიდან 19.9%-მდე, ერთი პროცენტული პუქნტით. ასევე 40 პროცენტის ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი გაზრდილია 7.4-დან 7.6 პროცენტამდე. ანუ, 0.2 პროცენტით. ოდნავი გაუმჯობესება შეინიშნებოდა ჯინის ინდექსის მაჩვენებელში, რომელიც არის შემოსავლების დიფერენციაციის საზომი და რაც უფრო ახლოსაა 0-თან აღნიშნული მაჩვენებელი, შემოსავლები უფრო თანაბრადაა განაწილებული, ხოლო რაც უფრო უახლოვდება ერთს, ამ შემთხვევაში გვაქვს აბსოლუტური უთანაბრობა“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ ანგარიშის წარდგენისას.