საქსტატი - თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 2.0 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 2.0 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 2.0 პროცენტიანი მატება.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვართან შედარებით, ფასები 1.0 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.05 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები 1.6 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 1.29 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 2.0-პროცენტიანი მატება კვების პროდუქტებზე და 6.3-პროცენტიანი მატება ძირითად ლითონებზე. გარდა ამისა, ფასების 1.1-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.13 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 0.3 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და კარიერების დამუშავების სხვა პროდუქტებზე (4.9 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1.04 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (5.2 პროცენტი) და სასმელები (6.6 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 7.8 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.86 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 4.4 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.09 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.