საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რას უკავშირდება 2021 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკის 25.8 პროცენტით გაზრდა
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რას უკავშირდება 2021 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკის 25.8 პროცენტით გაზრდა

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 25.8 პროცენტით გაიზარდა.

მისივე თქმით, 2021 მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.

„დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 25.8 პროცენტით. შესაბამისად, 2021 წლის 5 თვის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 11.5 პროცენტი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის მაისში სახეზე გვქონდა ეკონომიკის დაახლოებით -13.5 პროცენტიანი ვარდნა, ანუ გარკვეულწილად მაისის ეკონომიკურ ზრდაზე რასაკვირველია, მოქმედებს საბაზისო ეფექტიც, თუმცა 2019 წლის მაისთან შედარებითაც კი ფიქსირდება ეკონომიკის 8.8 პროცენტიანი ზრდა.

2021 მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის ზრდა, დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, მშენებლობის, უძრავი ქონებით ოპერაციების, ტრანსპორტის, დასაწყიბების, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორებში.

2021 წლის იანვარ-მაისში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 24 პროცენტით, ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 27 პროცენტით, ხოლო იმპორტის მოცულობა 16 პროცენტით. აღსანიშნავია ისიც, რომ უშუალოდ 2021 წლის მაისში ექსპორტი მაჩვენებელი 45 პროცენტით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 40 პროცენტით იყო გაზრდილი. ექსპორტის საერთო მაჩვენებლის ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სპილენძის მადნებმა, ფეროშენადნობებმა, ასევე ღვინოს, თხილის და მინერალური წყლების ექსპორტმა.

რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, აქ ძალიან დიდი გავლენა იქონია მსუბუქი ავტომობილების და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფებმა. გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში დარეგისტრირდა 3 581 ახალი საწარმო. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 12.5 პროცენტით მეტი, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია დაახლოებით 25 პროცენტით. 50 პროცენტით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 8.2 მლრდ ლარი შეადგინა.

განვმარტავ მიზეზებს დარგობრივ ჭრილში. დავიწყებ დამამუშავებელი მრეწველობის სექტორით, სადაც ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო როგორც მეტალურგიასთან, მაგალითად, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოებასთან, ისე ქიმიურ მრეწველობასთან. მაგალითად, გაიზარდა მინერალური სასუქების წარმოება. ამასთან, მინდა, გაგიზიაროთ რამდენიმე ციფრი საგარეო ვაჭრობიდან. მაგალითად, 46 პროცენტით გაიზარდა ფერო-სილიკო მანგანუმის ექსპორტი, ხოლო 171 პროცენტით, ანუ თითქმის 3-ჯერ გაიზარდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი. გარდა ამისა, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა კვების პროდუქტების, სასმელების და ტანსაცმლის წარმოების მიმართულებით. შესაბამისად, 2021 წლის მაისში 97 პროცენტით გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტი და დაახლოებით 2.5 პროცენტით ღვინის ექსპორტი.

ამასთან, სამშენებლო პროცესების გააქტიურების შედეგად, გაიზარდა სამშენებლო მასალების წარმოების მაჩვენებელი. კერძოდ ცემენტის და სამშენებლო კონსტრუქციების წარმოებაზეა საუბარი. საფინანსო საქმიანობის სექტორში ზრდის გამომწვევ მიზეზად გვევლინება კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 70 პროცენტით გაუზარდა შესაბამის სექტორში მომუშავე კომპანიების წმინდა შემოსავლები. ვაჭრობის სექტორში ძირითადად ზრდა უკავშირდებოდა ავტომობილებით და მათი ნაწილებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებას.

მოგეხსენებათ 87 პროცენტით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე საცალო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით, ფარმაცევტული საქონლით, სამშენებლო მასალებით, გარკვეული კატეგორიის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, კომპიუტერებით. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ დაახლოებით 81 პროცენტით არის გაზრდილი ნავთობპროდუქტების იმპორტის მაჩვენებელი.

რაც შეეხება მშენებლობის სექტორს, ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, თუმცა გაიზარდა ასევე სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობაც, როგორიცაა ელექტროტექნიკური, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოები. შესაბამისად, გაიზარდა სამშენებლო პროექტების შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოების მოცულობაც. ამასთან აღსანიშნავია, რომ თითქმის 56 პროცენტით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტი და 20 პროცენტით გაიზარდა ცემენტის, კლინკერის იმპორტი.

უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სექტორში, ისევე როგორც წინა თვეში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო არასაცხოვრებელი შენობების იჯარით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდასთან. ფაქტობრივად გაორმაგებული იყო აღნიშნული მაჩვენებელი. ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორში ზრდის ტენდენცია ძირითადად დაკავშირებული იყო სატვირთო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, საგარეო ვაჭრობის ბრუნვის ზრდის პარალელურად, ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებასთან და დასაწყობებასთან. თუმცა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია საჰაერო და სახმელეთო სამგზავრო ტრასპორტის ბრუნვის მაჩვენებელიც.

დაბოლოს, ასევე გამოცოცხლების ტენდენცია შეინიშნებოდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშიც, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარტყმა მიიღო პანდემიის შედეგად. საბაზისო ეფექტი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით საყურადღებოა, თუმცა შემოსავლები აღნიშნულ სექტორში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რასაკვირველია გაზრდილია“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.