ვახტანგ ცინცაძე - უკვე შეგვიძლია, შევაჯამოთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები და ველოდებით, რომ ეკონომიკა დაახლოებით შვიდი პროცენტით გაიზრდება
ვახტანგ ცინცაძე - უკვე შეგვიძლია, შევაჯამოთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები და ველოდებით, რომ ეკონომიკა დაახლოებით შვიდი პროცენტით გაიზრდება

ველოდებით, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით შვიდი პროცენტით გაიზრდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანეს ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტის და დასაწყობების, საინფორმაციო კომუნიკაციებისა და საბანკო, სადაზღვევო საქმიანობების სექტორებმა.

„დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე დაყრდნობით უკვე შეგვიძლია, შევაჯამოთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები. საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს, რომელიც 2021-2022 წლებში ფიქსირდებოდა. ველოდებით, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით შვიდი პროცენტით გაიზრდება.

ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც საინვესტიციო საქმიანობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები, ასევე საქონლის ექსპორტიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლები. ჩვენი მოლოდინია, რომ 2024 წელი კიდევ უფრო პოზიტიური ტენდენციებით გაგრძელდება და შენარჩუნდება, გაგრძელდება დადებითი დინამიკა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.9 პროცენტით გაიზარდა, 11 თვეში კი, მშპ-ს ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა