გოგიტა თოდრაძე - 2023 წლის სექტემბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშენებლობამ, საფინანსო, სადაზღვევო საქმიანობის სექტორმა, ვაჭრობამ, სასტუმროებმა და რესტორნებმა
გოგიტა თოდრაძე - 2023 წლის სექტემბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშენებლობამ, საფინანსო, სადაზღვევო საქმიანობის სექტორმა, ვაჭრობამ, სასტუმროებმა და რესტორნებმა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკის ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშენებლობამ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორმა, ვაჭრობამ, სასტუმროებმა და რესტორნებმა.

მისივე თქმით, ზრდის მიუხედავად, რამდენიმე სექტორში კლების ტენდენცია გამოვლინდა.

„2023 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.1 პროცენტით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ცხრა თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 6.8 პროცენტია. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშენებლობამ, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორმა, ვაჭრობამ, სასტუმროებმა და რესტორნებმა. მიუხედავად ამისა, კლების ტენდენცია გამოვლინდა რამდენიმე სექტორში. ეს გახლავთ დამამუშავებელი მრეწველობა, ასევე ტრანსპორტის, დასაწყობების სექტორი და უძრავი ქონების ოპერაციების სექტორი. როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი გაზრდილია დაახლოებით 13 პროცენტით, ხოლო იმპორტის მოცულობა – 18 პროცენტით. 2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 6 100 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს დაახლოებით 14 პროცენტით ჩამორჩება. კლება ძირითადად განპირობებულია კერძო უცხოური ინდმეწარმეების რეგისტრაციის შემცირებით. სამი პროცენტით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 12 170 000 000 ლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში – მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან; ასევე, სპეციალიზებულ სამშენებლო სამუშაოებთან და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 19 პროცენტით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტი და 13-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ცემენტის იმპორტის მიმართულებით. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში, რომლის გამომწვევ ძირითად მიზეზად გვევლინება კომერციული ბანკების როგორც საპროცენტო, ისე არასაპროცენტო შემოსავლების ზრდა.

ვაჭრობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ავტომობოლებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან. როგორც მოგეხსენებათ, საგარეო ვაჭრობის მონაცემებიდან დაახლოებით 97 პროცენტით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად, ყირგიზეთისა და ყაზახეთის მიმართულებით, თუმცა, გარდა ამისა, გაზრდილია საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის მოცულობაც. სასტუმროების და რესტორნების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ტურიზმთან.

2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა დაახლოებით 2 300 000 საერთშორისო ვიზიტი, რაც 21 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბმისი პერიოდის მონაცემებს. როგორც გითხარით, ზრდის მიუხედავად, რამდენიმე სექტორში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ დამამუშავებელი მრეწველობა, სადაც კლების გამომწვევ ძირითად მიზეზად გვევლინება მეტალურგიული მრეწველობა, კერძოდ, თუჯის, ფოლადისა და ფეროშენადნობების წარმოების მოცულობის შემცირება. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 28-29 პროცენტით არის შემცირებული ფერო-სილიკო მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად, აშშ-ის და რუსეთის მიმართულებით. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორიში კლებას განაპირობებს დასაწყობების და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობის მომსახურების მოცულობის შემცირება. რაც შეეხება უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორს, კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების დაქირავებასა და მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.1 პროცენტით გაიზარდა, 2023 წლის პირველი ცხრა თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 6.8 პროცენტით განისაზღვრა.