საქსტატი - 2021 წლის იანვარ-მარტში ყველაზე მეტი ნებართვა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე გაიცა
საქსტატი - 2021 წლის იანვარ-მარტში ყველაზე მეტი ნებართვა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე გაიცა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 1931 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,5 პროცენტით ნაკლები) 1301,2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,4 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის ცნობით, ნებართვების 73,5 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46,8 პროცენტი თბილისზე, 11,1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8,8 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე და 6,8 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

ამასთან, აღსანიშნავია რომ 2021 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, 30,1 პროცენტი თბილისზე, 13,2 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 13,2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 10,0 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

საქსტატის ინფორმაციით, სულ, 2021 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 341,9 ათასი კვ.მ ფართობის 562 ობიექტი.