საზღვაო სფეროში მასშტაბური კვლევები იწყება. კვლევებს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებული „ბიზნესკვლევების სახლი“ ჩაატარებს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა „ბიზნესკვლევების სახლის“ ხელმძღვანელ გიორგი აბაშიშვილთან და ამავე ცენტრის მკვლევრებთან დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
„ბიზნესკვლევების სახლის“ ხელმძღვანელის ინიციატივით, იგეგმება საქართველოს საზღვაო ინდუსტრიის მრავალმხრივი და სრულმასშტაბიანი კვლევის ჩატარება, რომლის მიზანს არსებული ვითარების შეფასება და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დარგის განვითარების სამომავლო პრიორიტეტების გამოკვეთა წარმოადგენს.
დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე რამდენიმე მიმართულებაზე იმსჯელეს, რომლებზეც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კერძო სექტორთან და ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად მუშაობს.
როგორც შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, 2020 წლის დეკემბერში ქვეყანას საზღვაო სტრატეგიის სრულყოფილი დოკუმენტი ექნება, რომელიც ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობის, საქართველოს საზღვაო დროშისა და საზღვაო პორტების განვითარების, საშეღავათო საგადასახადო სისტემისა და საზღვაო ბიზნესების ხელშეწყობის მიმართულებით მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გეგმებს გააერთიანებს.